თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ალიბეგაშვილი საკრებულოს დეპუტატებთან -დავით უთმელიძესთან, იოსებ მანჯავიძესთან და შალვა ოგბაიძესთან ერთად პოლონეთში გაემგზავრა.
დედაქალაქის წარმომადგენლობითი ორგანოს დელეგაცია საიუბილეო XXV საერთაშორისო ეკონომიკურ ფორუმში მიიღებს მონაწილეობას, რომელიც ქალაქ კრინიცა- ზდრუიში გაიმართება.
გიორგი ალიბეგაშვილი საერთაშორისო ეკონომიკურ ფორუმზე მოხსენებით წარსდგება და დამსწრეთა კითხვებს უპასუხებს.
ვიზიტის ფარგლებში თბილისის დელეგაციის წევრები კრაკოვის ვიცე-მერს მაგდალენა სროკას შეხვდებიან და ურბანული დაგეგმარების, ქალაქის ძველი უბნების რეაბილიტაციასა და ტურიზმის თემებს განიხილავენ.
აღნიშნულ შეხვედრაში პოლონეთის მხრიდან მონაწილეობას საერთაშორისო ურთიერთობების საკითხებში მერის ოფისის დირექტორის მოადგილე ბეატა საბატოვიჩი და ამავე განყოფილების წარმომადგენელი ლუცინა რადიკი მიიღებენ, ხოლო საქართველოს კი წარმომადგენლობითი ორგანოს დელეგაციასთან ერთად დედაქალაქის მერის მოადგილე ირაკლი ლექვინაძე წარმოადგენს.
საერთაშორისო ღონისძიება პოლონეთში უკვე 20 წელია იმართება და ის ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპაში პოლიტიკური და ეკონომიკური ლიდერების მნიშვნელოვანი შეკრების ადგილია.