პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი „ეროვნული ბანკის შესახებ“ კანონპროქტს ხელს მოაწერს. ამის შესახებ, მარგველაშვილმა ჟურნალისტებთან ,,ქორთიარდ მარიოტში” განაცხადა და აღნიშნა, რომ პატივს სცემს პარლამენტის მიერ აღებულ პასუხისმგებლობას.
მისივე განცხადებით, პრეზიდენტის ადმინისტრაციამ ფაქტობრივად ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რომ ქვეყანას ბევრად დახვეწილი კანონმდებლობა ჰქონოდა.
„მე პატივს ვცემ პარლამენტის მიერ აღებულ პასუხისმგებლობას და რა თქმა უნდა, ხელს მოვუწერ ამ კანონზე“, - განაცხადა პრეზიდენტმა.
გუშინ საპარლამენტო უმრავლესობამ ,,ეროვნული ბანკის შესახებ” კანონპროექტზე პრეზიდენტის შენიშვნები არ გაიზიარა და ვეტო დაძლია. აღნიშნულ გადაწვეტილებას მხარი 81 დეპუტატმა დაუჭირა, 12 კანონმდებელი კი წინააღმდეგი წავიდა.
,,ეროვნული ბანკის შესახებ” კანონპროექტი ეროვნული ბანკიდან საზედამხედველო ფუნქციის გამოყოფას გულისხმობს. კონსტიტუციის თანახმად, პარლამენტის მიერ შემუშავებული კანონპროექტი ხელმოსაწერად კვლავ პრეზიდენტს გადაეგზავნება, იმ შემთხვევაში თიუ გიორგი მარგველაშვილი კანონპროექტს კვლავ ვეტოს დაადებდა ამის შემდეგ კანონპროექტზე ხელი პარლამენტის თავმჯდომარეს დავით უსუფაშვილს უნდა მოეწერა.