ბანკი „რესპუბლიკა“ განაგრძობს სოციალური პროექტების განხორციელებას. ამჯერად ბანკმა რუსთავის მცირე საოჯახო სახლის აღსაზრდელებს ფინანსური მხარდაჭერა აღმოუჩინა, რომელიც მათ განათლების დასრულებასა და პროფესიული მიზნების მიღწევაში დაეხმარება.
2015 წლის იანვრიდან სახლის აღსაზრდელი ბავშვები მინდობით აღზრდაში გადავიდნენ, ზოგმა მათგანმა კი სრულწლოვანებას მიაღწია და დამოუკიდებელი ცხოვრება დაიწყო. შესაბამისად, რუსთავში მცირე საოჯახო სახლის არსებობის საჭიროება აღარ არის. ახალგაზრდებს კი ცხოვრების ამ მნიშვნელოვან ეტაპზე საკუთარი ფულადი სახსრები ექნებათ, რაც მათი მომავლის უზრუნველყოფას შეუწყობს ხელს.
ბანკი „რესპუბლიკა“ რუსთავის მცირე საოჯახო სახლის აღსაზრდელებთან 2010 წლიდან მეგობრობს. ამ დროის განმავლობაში ბანკის მხარდაჭერა მოიცავდა ბავშვების საცხოვრებელი გარემოს გაუმჯობესებას, არასასკოლო საგანმანათლებლო, პროფესიული განათლების, დამოუკიდებელი ცხოვრებისთვის მზადების ღონისძიებების მხარდაჭერას და საზაფხულო დასვენების უზრუნველყოფას. ბანკის მხარდაჭერით ბავშვები ერთვებოდნენ კულტურულ აქტივობებში, ბანკის აქციებში, აღნიშნავდნენ დღესასწაულებს.