ხანგრძლივი მოლაპარაკების შედეგად, “მერიოტ ინტერნეშენელი” აჭარაში შედის. სასტუმრო 38 სართულიანი მრავალფუნქციური კომპლექსის „ალიანს პალასის” პირველ რვა სართულზე განთავსდება, რომლის ინვესტორიც კომპანია ”ალიანსია”.
ბათუმში, იუსტიციის სახლის მიმდებარე ტერიტორიაზე „ალიანს პალასი“-ს მშენებლობას დღეს ჩაეყარა საძირკველი. პროექტის საინვესტიციო ღირებულება 65 მლნ ლარია.
ღონისძიებას საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, აჭარის მთავრობის თავჯდომარე არჩილ ხაბაძე, აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრი დავით ბალაძე, ქალაქ ბათუმის მერი გიორგი ერმაკოვი და სხვა თანამდებობის პირები დაესწრნენ.
„ბათუმში შემოდის სასტუმროების ცნობილი ბრენდი „მერიოტი“, რაც მისასალმებელია. მინდა აღვნიშნო „ორბი ჯგუფის“ დამსახურება ბათუმის განვითარებაში. მას 400 მილიონის ინვესტიცია უკვე აქვს განხორციელებული მხოლოდ ბათუმში. ასევე მას აქვს პროექტები თბილისში, გუდაურსა და ბაკურიანში. მნიშვნელოვანია ამ ჯგუფის მონაწილეობა ჩვენი ქვეყნის განვითარების და გაძლიერების საქმეში. დღეს საფუძველს ჩავუყრით ამ არაჩვეულებრივ პროექტს, ეს არის ქართველი არქიტექტორის–მინდია გურგენიძის შემუშავებული არაჩვეულებრივი პროექტი, რომელიც არის მოწონებული ამერიკელი პარტნიორების მიერ. ეს იქნება „ალიანს პალასის“ სასტუმრო და აპარტამენტები, რომლის ჯამური ინვესტიცია შეადგენს 65 მილიონ ლარს. აქ დასაქმდება 1700 ადგილობრივი მცხოვრები, ხოლო ამოქმედების შემდგომ კომპლექსს 600 თანამშრომელი ეყოლება მუდმივად,“–განაცხადა პრემიერმა.
ირაკლი ღარიბაშვილმა დამსწრეთ პროექტის დაწყება მიულოცა და იმედი გამოთქვა, რომ სასტუმრო ორ წელიწადში გაიხსნება.
“ალიანს პალასი” საქართველოს ისტორიაში, პირველი ისეთი ტიპის პროექტია, რომელიც საერთაშორისო ბრენდის სასტუმროს და საცხოვრებელ აპარტამენტებს აერთიანებს. გარდა ამისა იგეგმება აპარტამენტების მართვის საერთაშორისო ბრენდისთვის გადაცემა.
აღნიშნულ საკითხზე მოლაპარაკებები მსოფლიოში აღიარებულ მენეჯმენტ კომპანიებთან უკვე მიმდინარეობს, რაც აპარტამენტების მართვის გამართულობის და ორგანიზებულობის წინაპირობაა. ექსკლუზიური არქიტექტურის მქონე მრავალფუნქციური კომპლექსი ზღვასთან და ბათუმის ბულვართან ახლოს, ქალაქის ელიტარულ უბანში განთავსდება. კომპლექსში გათვალისწინებულია რეცეფცია, კონსიერჟის სერვისი, დაცვა, ტექნიკური მომსახურება, დალაგების სერვისი, ვიდეომეთვალყურეობა და ა.შ. კომპლექსში იგეგმება თანამედროვე ინფრასტრუქტურის განვითარება: მიწისქვეშა ავტოსადგომი, ღია და დახურული აუზები, გამაჯანსაღებელი კომპლექსი, კაზინო, რესტორნები და ა.შ. ”ალიანს პალასი” საერთაშორისო ხარისხისა და სტანდარტების შესაბამისად იქნება აშენებული”, - აცხადებენ კომპანიაში.