ბათუმის კომუნალური ინფრასტრუქტურის რეაბილიტაციის პროექტის მესამე ფაზით გათვალისწინებული ტერიტორიების დარჩენილ ნაწილზე წყლისა და საკანალიზაციო სისტემების რეაბილიტაციას კომპანია ,,ფაიფერი და ფაიფერი“ განახორციელებს. კომპანიასა და ბათუმის მერიას შორის, შესაბამისი ხელშეკრულება უკვე გაფორმდა.
სამუშაოები თამარის დასახლების, ბარცხანის, ბონი-გოროდოკის, ანგისისა და ჩაისუბნის ტერიტორიებზე ჩატარდება.
ხელშეკრულების ფარგლებში, აშენდება წყლის სამარაგო რეზერვუარი მახინჯაურში, საკანალიზაციო სატუმბი სადგურები - თამარის დასახლებასა და ბარცხანაში, სადაც განხორციელდება წყლისა და საკანალიზაციო სისტემის სრული რეაბილიტაცია. ასევე მოხდება საკანალიზაციო ქსელის რეაბილიტაცია ბარცხანაში, წყლის სისტემის რეაბილიტაცია ანგისაზე და საკანალიზაციო სისტემის ქსელის გაფართოება გონიოში. განხორციელდება საწნევო და თვითდენითი მაგისტრალური ხაზების მშენებლობა და სამომხმარებლო ქსელის მოწყობა.
აღნიშნული მონაკვეთების საკანალიზაციო სისტემა შეუერთდება ქალაქის ერთიან ქსელს და გამწმენდი ნაგებობის გავლის შემდეგ მოხდება მისი ზღვის სიღრმეში ჩაღვრა.
სამუშაოები ოქტომბერში დაიწყება და 2018 წელს დასრულდება. ღირებულება - 14 მილიონ 864 ათას ევროს შეადგენს, რაც KfW-ს სესხით, გრანტითა და ადგილობრივი კონტრიბუციით ფინანსდება.