აზიის განვითარების ბანკმა (ADB) საქართველოს 20 მილიონი აშშ დოლარის ოდენობის სესხი დაუმტკიცა. აღნიშნული სესხი ტურისტული თვალსაზრისით მნიშვნელოვანი შავი ზღვის ქალაქ ბათუმის სანაპირო ზოლის გამაგრებას მოხმარდება.
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის დედაქალაქი, რომლის მოსახლეობაც 150,000-ს აჭარბებს, ერთ-ერთი უდიდესი და ყველაზე სწრაფად განვითარებადი ქალაქია საქართველოს შავი ზღვის სანაპიროზე, რომელიც მნიშვნელოვან როლს თამაშობს ქვეყნის ეკონომიკურ, კულტურულ და ტურისტულ განვითარებაში; ბათუმის სანაპირო საქართველოსა და მეზობელი ქვეყნების სტუმრებს მასპინძლობს.
„აღნიშნული ინვესტიცია ხელს შეუწყობს სანაპირო ზოლის ეროზიის შეჩერებას“, - განაცხადა ADB-ის ცენტრალური და დასავლეთ აზიის დეპარტამენტის ურბანული განვითარებისა და წყლის განყოფილების დირექტორმა, ანანდ ჩიპლუნკარმა.
მდგრადი ურბანული ტრანსპორტის საინვესტიციო პროგრამის ფარგლებში ეს უკვე მეოთხე დამტკიცებული ტრანშია. პროგრამა 2010 წელს ADB-ის მიერ დამტკიცებული 300 მილიონი აშშ დოლარის დაფინანსების მრავალტრანშიანი ინსტრუმენტის ნაწილია. აღნიშნული სესხი სრულად მოხმარდება ბათუმის სანაპირო ზოლის 5-კილომეტრიანი მონაკვეთის გამაგრებას სადაც ეროზია ემუქრება სანაპიროს, გზის, ველოსიპედებით სავალი ბილიკების და შენობების უსაფრთხოებას.
„პროექტი იქნება ეკონომიკისა და ტურიზმის განვითარების ხელშემწყობი ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ფაქტორი და სარგებელს მოუტანს ქალაქის მოსახლეობას“, - დასძინა ADB-ის ცენტრალური და დასავლეთ აზიის დეპარტამენტის ურბანული განვითარების სპეციალისტმა, ბერტრან გოალუმ.
„აზიის განვითარების ბანკის კომერციული რესურსებიდან დაფინანსებული აღნიშნული პროექტი კიდევ ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტია ბანკის მიერ საქართველოს წყალმომარაგების, წყალარინების, გზებისა და ენერგო ინფრასტრუქტურის ხელშეწყობის ფარგლებში,“ - განაცხადა აზიის განვითარების ბანკის საქართველოში მუდმივი წარმომადგენლობის დირექტორმა, ქეითი ჯულიანმა.