ზამთრის სეზონზე, აჭარაში ჩასულ ტურისტებს განთავსების ობიექტებში ფასდაკლებები დახვდებათ.
აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტი სპეციალური მარკეტინგული პროექტის - „უპრეცედენტო ფასდაკლებების სეზონი აჭარაში“, ფარგლებში, ზამთრის სეზომზე აჭარის სტუმრებს სასტუმროებში განთავსებისთვის 30-დან 50 %-იან ფასდაკლებას შესთავაზებს.
როგორც აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტის თავმჯდომარე მამუკა ბერძენიშვილი აცხადებს, წელს პროექტში სასტუმრო ბიზნესის გარდა ჩაერთვებიან თუ არა კვების ობიექტებიც, ამაზე ჯერ გადაწყვეტილება მიღებული არ არის, რადგანაც პროექტის სრულყოფაზე დეპარტამენტში ინტენსიური მუშაობა მიმდინარეობს.
”ჩვენი პროექტი გათვლილია მინიმუმ 2017 წლამდე და ის სახეს შეიცლის თუ არა სხვადასხვა მიმდინარე პროცესებზეა დამოკიდებული. წელს ვაპირებთ, რომ ის უფრო დავტვირთოთ და გავამრავალფეროვნოთ სხვადასხვა ელემენტებით. თუ როგორი იქნება ის 2015 წელს, ამაზე ჯერ ვმუშაობთ. შესაძლოა პროექტში ჩაერთონ კვების ობიექტები, ან სხვა სახის ტურისტული ობიექტები. ეს ყველაფერი დამოკიდებულია იმაზე, თუ რა სახის სარეკლამო კამპანიას მივაბამთ ამ შეთავაზებებს. სწორედ ჩვენი მხრიდან სარეკლამო კამპანიის ხარჯზე ვაინტერესებთ სასტუმროებს და ამის მერე ისინი გვაწვდიან კონკრეტულ შემოთავაზებებს”- აცხადებს მამუკა ბერძენიშვილი.
უკვე ცნობილია, რომ „უპრეცედენტო ფასდაკლებების სეზონი აჭარაში“ წინა წლისგან განსხვავებული იქნება. ის გაცილებით მეტი სანახაობითი და გასართობი ღონისძიებებით იქნება დატვირთული.
როგორც აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტის თავმჯდომარე აცხადებს, ღონისძიებების პროგრამაზე მუშაობა ბათუმის მერიასთან ერთად მიმდინარეობს და ამ დროისათვის ცნობილი არ არის, მიღებენ თუ არა მასში მონაწილეობას უცხოელი შემსრულებლებიც.
”რაც შეეხება ღონიძიებებს, ეს ქალაქის ბათუმის მერიასთან ერთად შემუშავდება. ”ბათუმობის” ღონისძიების შემდეგ სწორედ საახალწლო და მის შემდეგ პერიოდში გასამართ ღონისძიებების შედგენაზე დავიწყებთ ინტენსიურ ზრუნვას”- აღნიშნა მამუკა ბერძენიშვილმა.
შეგახსენებთ, რომ 2014 წლის 25 დეკემბრიდან 2015 წლის 1-ელ მარტამდე აჭარაში ჩამოსულ სტუმრებს, რეგიონის ტურისტულ ობიექტებში, 30%-დან 50%-მდე ფასდაკლებებით სარგებლობა შეეძლოთ. თავის მხრივ პროექტი მოიცავს როგორც სასტუმროებს, მათ სერვისსა და პროდუქტს, ასევე სხვადასხვა ტურისტულ ობიექტებში ფასდაკლებებს, უფასო კონცერტებსა და კულტურულ ღონისძიებებს.