პრემიერ მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ეროვნული ბანკის პრეზიდენტ გიორგი ქადაგიძის განცხადებას ეთანხმება, რომლის თანახმადაც ბიზნესმენები დოლარს ინახავენ, რაც განაპირობებს იმას, რომ ლარის კურსის გამყარება არ ხდება.
პრემიერ-მინისტრის განმარტებით, ლარის კურსთან დაკავშირებით სპეკულაციები მიმდინარეობს და ცრუ მოლოდინებია შექმნილი. მისივე თქმით, ექსპერტები აცხადებენ, რომ ლარის კურსის რყევებთან დაკავშირებით კრიზისულმა პერიოდმა საქართველოში უკვე გაიარა.
"ბიზნესმენები დოლარს ინახავენ, რაც სწორედ განაპირობებს იმას, რომ ლარის კურსის გამყარება არ ხდება", - განაცხადა ღარიბაშვილმა.
მისივე ინფორმაციით, მოსახლეობას მალე დაუბრუნდება განცდა, რომ ლარის კურსს რაღაც განსაკუთრებული რყევები აღარ აქვს.
” სპეკულაციები მიმდინარეობს და ცრუ მოლოდინი არის შექმნილი. მინდა, მივმართო ყველას, რომ არ დააბნიოს ამ ცრუ მოლოდინებმა და განცხადებებმა ჩვენი ბიზნესმენები და მოქალაქეები. მე გუშინ მქონდა საუბარი ეროვნულ ბანკთან, ასევე ფინანსთა სამინისტროს ანალიტიკოსებთან, ექსპერტებთან, რომლებმაც თქვეს, რომ ეს კრიზისული პერიოდი უკვე გადავიარეთ. თუ რაღაც უნდა მომხდარიყო, მოხდა. ის შოკები, პირველი ტალღა გადავიარეთ. ახლა ეს არის ემოციური განცხადებებით განპირობებული. მოქალაქეები, ინვესტორები და ბიზნესმენები დოლარს ინახავენ, რაც სწორედ განაპირობებს იმას, რომ ლარის კურსის გამყარება არ ხდება ამ პერიოდში, თუმცა ეს აუცილებლად მოხდება, რადგან, მათ მოუწევთ დღეს თუ ხვალ დოლარის გაყიდვა და ლარის ყიდვა", -აღნიშნა ირაკლი ღარიბაშვილმა.