ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მხარდაჭერით 5 სექტემბერს ყაზბეგის სათავგადასავლო მარათონი გაიმართება.
ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ინფორმაციით, მასში მონაწილეობას ქართველი და უცხოელი სტუმრები მიიღებენ, მარათონი დაბა სტეფანწმინდასა და მის შემოგარენში უკვე მეექვსედ ტარდება. ,,ყაზბეგის სათავგადასავლო მარათონი“ მიზნად ისახავს ხელი შეუწყოს ქვეყანაში ტურიზმის განვითარებას და მის რეკლამირებას მსოფლიო მასშტაბით, ორგანიზატორი ტურისტული სააგენტო ,,ვიზიტ ჯორჯიაა“. ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციასა და ვიზიტ ჯორჯიას შორის ურთიერთ თანამშრომლობის მემორანდუმიც გაფორმდა.
მარათონი ტარდება 4 დისტანციაზე:
· სრული მარათონი (42 კმ.)
· ნახევარ- მარათონი (21კმ)
· სამოყვარულო გარბენი (8კმ)
· მარათონული ესტაფეტა (42კმ)
პირველი სამი დისტანცია ინდივიდუალურია, რაც შეეხება მარათონულ ესტაფეტას, რო მელიც წელს პირველად იმართება, განკუთვნილია ჯგუფებისა და ორგანიზაციებისთვის. საქართველოსი არსებულ კომპანიებსა და ორგანიზაციებს სასუალება ეძლევათ შექმნან თავიანთი გუნდები, მიიღონ მონაწილეობა მარათონულ ესტაფეტაში და გახდნენ სხვადასხვა პრიზების მფლობელები. ესტაფეტის გუნდი უნდა შედგებოდეს მაქსიმუმ 6 წევრისგან, რომლებიც შეეცდებიან დაფარონ შესაბამისად 6 ნაწილად დაყოფილი 42 კილომეტრიანი დისტანცია.
,,ყაზბეგის მარათონის“ სლოგანია ,,ბავშვთა ლეიკემია განკურნებადია“და შემოსული თანხის ნაწილი ხმარდება ლეიკემიით დაავადებულ ბავშვებს, რაც ითვალისწინებს რაიონებიდან ჩამოსული ონკო- ჰემატოლოგიური პაციენტების ფინასნურ დახმარებას, რომლებიც მკურნალობას გადიან ,,მშობელთა სახლში“.
ყველა ფინიშთან მისული მარათონელი მედლითა და სერტიფიკატით დაჯილდოვდება. გამარჯვებულთათვის კი დაწესებულია მრავალფეროვანი პრიზები.
ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის გარდა მარათონის მხარდაჭერია მცხეთა - მთიანეთის გუბერნატორის ადმინისტრაცია.