24 აგვისტოს, 12:00 საათზე საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელ ეროვნულ კომისიაში გაიმართება სს „თელასის“ სამომხმარებლო ტარიფში შემავალი ორი კომპონენტის - საოპერაციო დანახარჯებისა და ელექტროენერგიის შესყიდვის კომპონენტის შესახებ წინასწარი საჯარო განხილვა. შეხვედრა საჯაროა და მასზე დასწრება შეუძლია ნებისმიერ დაინტერესებულ პირს.
საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელ ეროვნულ კომისიის ინფორმაციით, დაწყებულია საჯარო ადმინისტრაციული წარმოება „ელექტროენერგიის ტარიფების შესახებ“ საქართველოს ენერგეტიკის მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2008 წლის 4 დეკემბრის N33 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე ნორმატიული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის - კომისიის დადგენილების გამოსაცემად.
დადგენილების გამოცემის შესახებ მოსაზრებების წარდგენის ბოლო ვადად განსაზღვრულია 2015 წლის 31 აგვისტოს 18:00 საათი, ხოლო კომისიის მიერ გადაწყვეტილების მიღების- დადგენილების გამოცემის ბოლო ვადად - 2015 წლის 18 დეკემბერი.
საჯარო ადმინისტრაციული წარმოების შესახებ ცნობა და დადგენილების პროექტი განთავსებულია კომისიის ვებ გვერდზე www.gnerc.org. ნებისმიერ დაინტერესებულ პირს შეუძლია წარადგინოს თავისი მოსაზრება და წინადადება კომისიაში შემდეგ მისამართზე: ა.მიცკევიჩის N19. ამასთანავე, დაინტერესებული პირი მოსაზრების წარდგენისას უფლებამოსილია არ მიუთითოს ვინაობა.