” სითი პარკის” წარმომადგენლები მზად არიან ქალაქ თბილისის მერიასთან მოლაპარაკებები აწარმოონ და მოსახლეობის ინტერესები გაითვალისწინონ - ამის შესახებ კომპანიის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსმა ლევან ტაბიძემ აუდიტის სამსახურის დასკვნის გასაჯაროვების შემდეგ განაცხადა.
”კონტრაქტს ჰყავს ორი მონაწილე, როგორც თბილისის მერია, ასევე სითი პარკი და იმ შემთხვევაში, თუ დღის წესრიგში დადგა ხელშეკრულების გაწყვეტის საკითხი, ამას მოჰყვება განხილვები საერთაშორისო არბიტრაჟში. თუმცა, აქვე უნდა ითქვას ისიც, რომ ,,სითი პარკი” ყოველთვის მზად არის დაჯდეს თბილსის მერიასთან - მოლაპარაკებების მაგიდასთან და ყველა შემოთავაზება განიხილოს, გათვალისწინებული იყოს თბილისის მერიის და რაც მთავარია მოსახლეობის ინტერესები”_ აღნიშნავს ტაბიძე.
საკრებულოს დამოუკიდებელი დეპუტატი ალეკო ელისაშვილი კომპანიისთან ხელშეკრულების გაწყვეტას მოითხოვს, წინააღმდეგ შემთხვევაში საპროტესტო გამოსვლებს გეგმავს.
შპს „სითი-პარკსა“ და თბილისის მერიას შორის გაფორმებულ ხელშეკრულებაში შესატანი ცვლილებები, ხელმომწერმა მხარეებმა სექტემბრის ბოლომდე უნდა მოამზადონ. დავით ნარმანიას დავალებით, მხარეები სექტემბრის ბოლომდე უნდა მოემზადონ გონივრული და გაანგარიშებული ცვლილებების განხორციელებისთვის, ისე, რომ მხარეთა თანასწორობა უზრუნველყოფილი იყოს.