სამთავრობო პროგრამის ფარგლებში „აწარმოე საქართველოში“, მიკრო და მცირე მეწარმეობის რეგიონებში ხელშეწყობის პროექტის ბიზნეს იდეების წარმოდგენის პირველი ეტაპი აჭარის, გურიის, სამეგრელო-ზემო სვანეთის, კახეთის, მცხეთა-მთიანეთისა და შიდა ქართლის მასშტაბით დასრულდა, ხოლო იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმის, ქვემო ქართლის, სამცხე-ჯავახეთისა და ქვემო ქართლის რეგიონებში ბიზნეს გეგმების წარმოდგენის მეორე ეტაპი დაიწყო.
საერთო ჯამში, აღნიშნული რეგიონის ფარგლებში მიღებულია 4424 განაცხადი (აჭარა, გურია, სამეგრელო-ზემო სვანეთი-1937; კახეთი, მცხეთა-მთიანეთი, შიდა ქართლი–2487), განმცხადებელთა რაოდენობა კი 7336 პირს შეადგენს. რაც შეეხება კონკურსში ჩართული პირების ტრენინგ კურსებს, 2015 წლის 3 აგვისტოს კურსი იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმის, ქვემო სვანეთის, სამცხე-ჯავახეთისა და ქვემო ქართლის რეგიონებში ასევე დასრულებულია. საერთო მონაცემებით ბიზნეს გეგმის შემუშავების სასწავლო კურსებს 827 პირი დაესწრო.
ზოგადი ინფორმაციისთვის, აღნიშნული პროგრამა შერჩეული ბიზნეს იდეის განხორციელებაში ჩართული მეწარმე სუბიექტის 5000 ლარის ოდენობით (მეწარმეთა ორ კაციანი ჯგუფის შემთხვევაში 10 000 ლარი, ხოლო სამ კაციანი ჯგუფის არსებობის შემთხვევაში კი 15 000 ლარის ოდენობით) თანადაფინანსებას გულისხმობს. განაცხადების მიღება www.qartuli.ge ვებ გვერდის მეშვეობითაა შესაძლებელი და კონკურსში ჩართვის უფლება ნებისმიერ სრულწლოვან საქართველოს მოქალაქეს აქვს. პროგრამის განსახორციელებლად ცენტრალური ბიუჯეტიდან გამოიყო 20 000 000 ლარი, ფინანსური მხარდაჭერის ხანგრძლივობის ვადად კი 26 თვე განისაზღვრა.
შეგახსენებთ, რომ პროგრამის „აწარმოე საქართველოში“ ერთ-ერთ მიმართულებას მიკრო და მცირე მეწარმეობის ხელშეწყობა და განვითარება წარმოადგენს, ასევე, პროგრამის ამოცანაა თანამედროვე ბიზნეს პრაქტიკის დამკვიდრება, მიკრო-ბიზნესის წამოწყების წახალისებისთვის სხვადასხვა მიმართულების პროგრამების შემუშავება, ამ გზებით დამატებითი სამუშაო ადგილების შექმნა და ქვეყნის საერთო ეკონომიკური სურათის გაუმჯობესება. უფრო კონკრეტულად კი პროექტის ფარგლებში დაინტერესებულ პირებს შესაძლებლობა ეძლევათ:
1. წარადგინონ საკუთარი ბიზნეს იდეა
2. გაიღრმავონ ბიზნეს უნარები
3. გამოიყენონ შესაძლებლობა და მიიღონ შესაბამისი თანადაფინანსება