,,ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრები საქართველოს ეროვნული გმირის გიორგი ანწუხელიძის სოფელში ჩავიდნენ და მისი მემორიალი გვირგვინით შეამკეს. ,,ნაციონალები” სოფელ ალვანში ანწუხელიძის სახლშიც მივიდნენ და ოჯახის წევრების პრობლემები მოისმინეს.
სერგო რატიანმა ჟურნალისტებთან განაცხადა, რომ შეჩერებულია საქართველოს ეროვნული გმირის მშობლების სახლის მშენებლობა, ხოლო ანწუხელიძის მამიდას სოციალური შემწეობა მოუხსნეს. იგი ჯანდაცვის მინისტრს მოუწოდებს გმირის მამიდას სოციალური შემწეობა აღუდგეს.
საქართველოს ეროვნული გმირი, გიორგი ანწუხელიძე დღეს 31 წლის გახდებოდა.
გიორგი ანწუხელიძე დაიბადა 1984 წლის 18 აგვისტოს ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვემო ალვანში. 1999 წელს დაამთავრა ქვემო ალვანის საშუალო სკოლა. 2003-2004 წლებში გაიარა სამხედრო სავალდებულო სამსახური შინაგანი ჯარების პირველ ოპერატიულ ბრიგადაში. 2004 წელს მონაწილეობდა ცხინვალის რეგიონში მიმდინარე შეიარაღებულ კონფილქტში. 2005 წლის 23 აპრილიდან, 2006 წლის პირველ აგვისტომდე მსახურობდა II ქვეითი ბრიგადის, 21-ე ბატალიონში. 2005 წლის 10 სექტემბრიდან 2006 წლის 26 აპრილამდე იმყოფებოდა სამშვიდობო მისიის შესასრულებლად ერაყის რესპუბლიკაში. ერაყიდან დაბრუნებულს, ჯანმრთელობის გაუარესების გამო, სამხედრო სამსახურისთვის თავის დანებება მოუხდა. 2008 წლის 17 აპრილიდან შეიარაღებულ ძალებს დაუბრუნდა და IV ქვეითი ბრიგადის, 41-ე ბატალიონის შემადგენლობაში ჩაირიცხა.
გიორგი ანწუხელიძე 2008 წლის 9 აგვისტოს, რუსეთ-საქართველოს ომის დროს, ერთ-ერთი შეტაკების შემდეგ, ტყვედ ჩავარდა, წამებისა და დაკითხვის შემდეგ კი, ცხინვალის მე-5 სკოლასთან, ძმათა სასაფლაოზე ცემით მოკლეს. 2008 წლის ნოემბრამდე უგზო-უკვლოდ დაკარგულად ითვლებოდა, მაგრამ მას შემდეგ, რაც ცხინვალიდან ათი ქართველის ცხედარი გადმოასვენეს, გენეტიკური ექსპერტიზით დადგინდა, რომ ერთ-ერთი მათგანი გიორგი ანწუხელიძე იყო. დაკრძალულია თბილისში, მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე. 2009 წლის იანვარში ინტერნეტით გავრცელდა ვიდეოები, სადაც მისი წამების კადრები იყო ასახული.