ეკონომიკის საკითხებში ექსპერტის გიგა ბედინეიშვილის შეფასებით, ლარის არასტაბილურობის, ეკონომიკის შეფერხებისა და ხელისუფლების სხვადასხვა შტოებს შორის დაპირისპირების ფონზე, ”საქსტატის” 2014 წლის მონაცემები ინვესტიციების ზრდასთან დაკავშირებით დაუჯერებელია.
”ქვეყანაში ეკონომიკური მდგომარეობა ინვესტიციების ზრდას ხელს არ უწყობს. არამგონია ვიღაცას მოუნდეს საქართველოში ფულის ჩადება. ”საქსტატი” ამ ბოლო დროს რაღაც უცნაურ ციფრებს აქვეყნებს, მაშინ როდესაც აშკარაა შენელებული ეკონომიკა, გაღარიბებული მოსახლეობა, გაუარესებული ტარიფების მთელი წყება. ამ დროს იმაზე საუბარი, რომ ინვესტიციები იზრდება ცოტა უცნაურია”, _ განმარტავს ”ჯი-ეიჩ-ენთან” საუბრისას თავისუფალი და აგრარული უნივერსიტეტის ბიზნეს სკოლის დეკანი გიგა ბედინეიშვილი.
იგი ქვეყანაში ბოლო დროს განვითარებული პოლიტიკური-ეკონომიკური მოვლენების ფონზე, საქართველოში ინვესტიციების ზრდის შესაძლებლობასაც ვერ ხედავს.
შეგახსენებთ, რომ ”საქსტატის” დაზუსტებული მონაცემებით, საქართველოში განხორციელებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობამ 2014 წელს 2013 წელთან შედარებით 87 პროცენტით გაიზარდა.