ავტომობილების შემოყვანაზე ასაკის შეზღუდვის დაწესებას ავტოიმპორტიორების ნაწილი ნეგატიურად აფასებს. მათი შეფასებით, 2000 წლამდე წარმოებული მანქანების იმპორტის შეზღუდვა, ავტომობილების ფასს გააძვირება.
როგორც ”ჯი-ეიჩ-ენს” ”რობანი მოტორსის” დამფუძნებელმა, ელგუჯა ჯამაგიძემ განუცხადა, ქართული ბაზარი იაპონური მანქანებით გაჯერდება, რადგან ევროპაში 2000 წლის შემდეგ გამოშვებული მანქანები იაპონურთან შედარებით ძვირია. მისივე თქმით, დაბალი ფასის გამო, კიდევ უფრო გაიზრდება მარჯვენასაჭიანი ავტომობილების იმპორტი.
” ამ შეზღუდვუს დაწესება პრობლემას შექმნის. არა მხოლოდ გაძვირდება, არამედ არის საშიშროება ავტომობილის ბიზნესი, საერთოდ ჩავარდეს. ვეთანხმები, რომ შეზღუდვა უნდა მოხდეს, მაგრამ არა 2000, არამედ 90 წლამდე გამოშვებული ავტომობილების. გარდა ამისა, შეზღუდვამდე წინაპირობა უნდა შემუშავდეს. არის მანქანები, რომლებიც 2003-წლიანია, მაგრამ ტექნიკურად არ არის გამართული”, - განაცხადა ელგუჯა ჯამაგიძემ.
შეგახსენებთ, რომ საუბარი მიდის 2000 წლამდე არსებულ მანქანების იმპორტის შეზღუდვაზე. გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, დედაქალაქში ძველი ავტომობილების შემოყვანა მას შემდეგ აიკრძალება, როდესაც დაზუსტდება გადასახადის ოდენობა და პარამეტრები, რასაც ტექდათვალიერების დამადასტურებელი მოწმობის მისაღებად მანქანა უნდა აკმაყოფილებდეს.