კომპანია „ლიტვური საცხობის“ საპასუხოდ შემოსავლების სამსახური განცხადებას ავრცელებს. უწყება კომპანიას მოუწოდებს, რომ პროდუქციის დაობების მიზეზი განმარტოს, წინააღმდეგ შემთხვევაში „ლიტვური საცხობის“ მიმართვა აღქმული იქნება, როგორც შემოსავლების სამსახურის დისკრიმინაციის მცდელობად.
”დღეს, შპს „ლიტვური საცხობის“ ხელმძღვანელობამ გაავრცელა მიმართვა, სადაც მომხმარებელს ბოდიშს უხდის უხარისხო (დაობებული) პროდუქციის მიწოდების გამო. მზა პროდუქციის დაობების მიზეზად „ლიტვური საცხობი“ საბაჟო გამშვებ პუნქტზე შექმნილ ვითარებას ასახელებს. „საბაჟო გამშვებ პუნქტზე შექმნილი ვითარების გამო, ვერ მოხერხდა ევროპიდან იმპორტირებული ფქვილის დროული „ჩაშვება“ წარმოებაში“ - ნათქვამია მიმართვაში.
მიმართვის საპასუხოდ, შემოსავლების სამსახური აცხადებს: უკანასკნელი 5 თვის განმავლობაში, შპს „ლიტვური საცხობის“ კონტრაქტორი ფირმების მიერ, საქართველოში ფქვილის იმპორტი სხვადასხვა ქვეყნიდან განხორციელდა შვიდჯერ. აქედან, საქართველოს საბაჟო ორგანოში მხოლოდ ერთხელ განესაზღვრა დეკლარაციას წითელი დერეფანი. ამ შემთხვევაშიც, გაფორმების პროცედურები, სატრანსპორტო საშუალების „გეზი“-ს ტერიტორიაზე გამოცხადებიდან, 2 დღეში დასრულდა.
შემოსავლების სამსახური მოუწოდებს შპს „ლიტვურ საცხობს“ განმარტოს დოკუმენტურად, ასევე ლაბორატორიული დასკვნის საფუძველზე მზა პროდუქციის დაზიანების მიზეზები. წინააღმდეგ შემთხვევაში ჩვენ გავრცელებულ მიმართვას განვიხილავთ შემოსავლების სამსახურის წინააღმდეგ მიმართულ, მადისკრედიტებელ ქმედებად”, აღნიშნულია შემოსავლების სამსახურის განცხადებაში.