ბიუჯეტის კორექტირების მიუხედავად, რთველი 2015-ის ფარგლებში, სახელმწიფოს მიერ 1 კგ რქაწითელსა და კახურ მწვანეზე - 35 თეთრის, ხოლო 1 კგ. საფერვზე - 15 თეთრის ოდენობის სუბსიდია გაიცემა, - ამის შესახებ სოფლის მეურნეობის მინისტრი ოთარ დანელია აცხადებს.
მისივე თქმით, შეღავათიანი აგროკრედიტის ფარგლებში, ღვინისა და ალკოჰოლური სასმელების მწარმოებელი კომპანიებისთვის იაფი სესხის გაცემაც გაგრძელდება.
,,მიმდინარე წელს სუბსიდია გაიცემა არა ღვინის მწარმოებელ კომპანიებზე, როგორც ეს ბოლო 2 წლის განმავლობაში ხდებოდა, არამედ პირდაპირ მევენახეებზე. სუბსიდირების ამ პრინციპის მთავარი უპირატესობა არის ის, რომ გლეხი ჩაბარებული ყურძენის საფასურს დაგვიანების გარეშე, ყურძნის ჩაბარებიდან დაახლოებით 2 კვირის განმავლობაში, ბანკში მხოლოდ პირადობის მოწმობის წარდგენის საფუძველზე მიიღებს”, - განმარტავს მინისტრი.