იულია ტიმოშენკო აცხადებს, რომ ამჟამად რუსეთის მიერ დამოუკიდებელი უკრაინის შთანთქმისა და ლიკვიდაციის ფართომასშტაბიანი გეგმა ხორციელდება. ეს განცხადება ტიმოშენკომ რუსეთის პრემიერ-მინისტრ ვლადიმერ პუტინის წინადადების კომენტირებისას გააკეთა, რომელიც რუსული "გაზპრომისა" და "უკრაინის ნაფტოგაზის" გაერთიანებას შეეხებოდა. ინფორმაციას ამის შესახებ "ბლოკ იულია ტიმოშენკოს" პრესსამსახური ავრცელებს.
"იმ შემთხვევაში, ჩვენ თვალწინ ყოველდღიურად უკრაინის, როგორც დამოუკიდებელი სახელმწიფოს, მასშტაბური ლიკვიდაციის გეგმა რომ არ ხორციელდებოდეს, ეს წინადადება შესაძლოა ხუმრობადაც განგვეხილა", _ აცხადებს ტიმოშენკო.
მისი განცხადებით, "დაიწყეს ყირიმიდან. გამოაცხადეს ე. წ. ერთობლივი საწარმოების შექმნის შესახებ რესპუბლიკის სასიცოცხლოდ აუცილებელი, სტრატეგიული ობიექტების ბაზებზე".
"ნაფტოგაზის, ენერგოატომის, ტურბოატომის, უკრტელეკომის, უკრზალიზნიცის, ავიაპრომის, გაზპრომთან შეერთება _ ეს გაერთიანება კი არ არის, რუსეთის მიერ უკრაინის სრული შთანთქმის გეგმაა", _ აცხადებს ტიმოშენკო და დასძენს: "ჩვენი, უკრაინული საკუთრება უბრალოდ გაიფანტება რუსეთის უკიდეგანო სივრცეებში. ეს რუსეთის პრეზიდენტის კიევში 17 მაისს განხორციელებული ვიზიტისას უკვე ოფიციალურად გაფორმდება და ყველაფერი თვალნათლივ გამოჩნდება", _ აცხადებს ტიმოშენკო.
მისი თქმით, "პლასტელინის იანუკოვიჩისგან შეიძლება რაც გინდა ის გამოძერწო. "იანუკოვიჩები" მიდიან და მოდიან, უკრაინა, მისი ხალხი და ინტერესები კი რჩება სამუდამოდ".
"დღეს ჩვენ, როგორც ერი, გამოცდას გავდივართ. იმის გათვალისწინებით, შევძლებთ თუ არა წინ აღვუდგეთ რუსეთის მიერ დამოუკიდებელი უკრაინის შთანთქმას, გაირკვევა, გვექნება თუ არა ჩვენი ადგილი ამ მიწაზე ცხოვრებისთვის. დრო ძალიან ცოტაა. ყოველივე ეს შეიძლება მხოლოდ მთელი ხალხის ერთობლივი წინააღმდეგობით შეჩერდეს", _ აცხადებს ტიმოშენკო.
ტიმოშენკომ კიდევ ერთხელ მოუწოდა უკრაინის დაცვის კომიტეტს, შეიმუშაოს "იანუკოვიჩის ხელისუფლებიდან ჩამოცილების გეგმა" და 11 მაისს კიევის ცენტრში დაგეგმილი საერთო სახალხო აქციისთვის კარგად მოემზადოს.