ევროსაბჭოს ადამიანის უფლებათა დაცვის უმაღლესი კომისარი თომას ჰამერბერგი საქართველოში ვიზიტის ფარგლებში ცხინვალსაც ეწვევა.
ამის შესახებ კომენტარი ჰამერბერგმა წუხელ, გვიან ღამით თბილისის საერთაშორისო აეროპორტში გააკეთა.
"საქართველოში იმის გამო ჩამოვედი, რომ აქ პრობლემები ჯერ კიდევ არსებობს. ადამიანებს კვლავ აკავებენ, ზოგი კი საერთოდ გაუჩინარებულია. მათი ოჯახები საკითხის გადაწყვეტას ელოდებიან, ჩამოვედი იმისთვის, რომ ვნახო რის გაკეთება შემიძლია", - აღნიშნა ჰამერბერგმა.
მისივე თქმით, ვიზიტის პროგრამა ბოლომდე გაწერილი ჯერ არ აქვს, თუმცა მოსახლეობასთან შეხვედრას ორივე მახარეს გეგმავს.
"ხალხს ალბათ ორივე მხარეს შევხვდები, იმისთვის რომ ადგილზე ჰუმანიტარული ვითარება განვიხილო. ზუსტად არ ვიცი როდის, მაგრამ ცხინვალშიც ვაპირებ ჩასვლას", - აღნიშნა ევროსაბჭოს უმაღლესმა კომისარმა.
შეგახსენებთ, რომ ევროსაბჭოს ადამიანის უფლებათა დაცვის უმაღლესი კომისარი თომას ჰამერბერგი თბილისში წუხელ გვიან ღამით ჩამოვიდა, რომლის ვიზიტის მთავარი მიზანი ცხინვალის მარიონეტული რეჟიმის მეირ დაკავებული ქართველების განთავისუფლების და ე.წ. სამხრეთ ოსეთის უგზო-უკლოდ დაკარგული ე.წ. მოქალაქეების მოძიებაა.
ამასთან, ევროსაბჭოს უმაღლესი კომისარი თბილისში შეხვედრებს, როგორც საქართველოს ხელისუფლების, ასევე საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან გამართავს.