2016 წელს, საქართველო პირველად, შორეული საავიაციო ტურისტულ რალს უმასპინძლებს. როგორც სამოქალაქო ავიაციის სააგენტოში განმარტავენ, საქართველოში პირველი შორეული საავიაციო ტურისტული რალის ორგანიზების მიზნით, სააგენტოს ლუქსემბურგის საჰაერო ხომალდების მფლობელთა და პილოტთა ასოციაციის (UPL-AOPA) წარმომადგენლები ეწვივნენ.
აღსანიშნავია, რომ რალი საჰაერო ხომალდების მფლობელთა და პილოტთა ევროპაში მოქმედი ყველა ასოციაციის (AOPA’s) მონაწილეობით იგეგმება, ღონისძიებას ორგანიზებას კი ლუქსემბურგის ასოციაცია “Union des Pilotes Luxembourgeois” გაუწევს, რომელიც თავის მხრივ 330 პილოტსა და საჰაერო ხომალდის მფლობელს აერთიანებს.
ასოციაციის წარმომადგენლებმა სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს პირველი პირებისაგან მიიღეს ინფორმაცია ქვეყნის საავიაციო ინფრასტრუქტურის და სამოქალაქო ავიაციის სფეროში მოქმედი საკანონმდებლო ჩარჩოს ირგვლივ. მხარეებმა ისაუბრეს საავიაციო რალის გამართვის როგორც ტექნიკურ ისე ორგანიზაციულ მხარეზე.
როგორც UPL-AOPA-ის წევრებმა აღნიშნეს, რალიში მონაწილეობის მსურველი მფრინავების გარკვეულმა ნაწილმა შესაძლოა, ადგილზე, ქართული ავიასაწარმოებიდან იქირავონ საჰაერო ხომალდები. აღნიშნულთან და სხვა საორგანიზაციო საკითხებთან დაკავშირებით მიმდინარე ვიზიტის ფარგლებში მათ მიერ იმართება შეხვდერები ქართულ ავიაკომპანიებთან და სახელმწიფო სტრუქტურების წარმომადგენლებთან. ასევე, იგეგმება საქართველოს რეგიონების მონახულება ერთ ძრავიანი თვითფრინავებით.