ქართული ავიაკომპანია Georgian Airlines-ის (”აირზენა”) გენერალური დირექტორი იასე ზაუტაშვილი ანტიდემპინგური კანონპროექტის შემუშავებას დადებითად აფასებს. მისი თქმით, კანონის ძალაში შესვლა ადგილობრივი ბიზნესის, მათ შორის ქართული ავიაციას განვითარებას შეუწყობს ხელს.
”მნიშვნელოვანი რეგულაციების გაკეთება მოხდება მთლიანად ეკონომიკურ სექტორში. განსაკუთრებით ეს წაადგება ყველა ქართულ ეროვნულ კომპანიას. მათ შორის ჩვენც.
ჩვენთვის დემპინგის თემა ძალიან მტკივნეულია. წლების განმავლობაში, რამდენიმე უცხოური ავიაკომპანია ჩვენს ქვეყანაში აბსოლუტურად დემპინგურ პოლიტიკას ეწეოდა. ეს კი ზიანს აყენებს ეროვნულ ავიაკომპანიებს. ამით ფაქტობრივად მხოლოდ უცხოური კომპანიები სარგებლობენ, ბიუჯეტი ამის შედეგად არაფერს იღებს, ასევე არც დასაქმების პრობლემა წყდება.
ეს კანონი ამ საკითხს დაარეგულირებს და ეს იქნება ძალიან კარგი, რადგან დემპინგი არის ერთ- ერთი ყველაზე დიდი მტერი ეკონომიკური წინსვლისა და განვითარებისა და მისი აღკვეთა ქვეყანაში გამოიწვევს ჯანმრთელი კონკურენციის პირობების დამკვიდრებას, ჯანსაღი კონკურენცია თვითონ გამოავლენს ბაზარზე ვინ არის ძლიერი, ვინ არის სუსტი, რაც ეკონომიკური წინსვლის საწინდარიც იქნება.
”აეროფლოტი” თავის დროზე, რომ შემოვიდა ქართულ ბაზარზე 50 ევროდ დაიწყო ბილეთების გაყიდვა. ამან გარკვეული ზიანი მიაყენა ჩვენს ავიაკომპანიას. მიუხედავად იმისა, რომ ეს გარკვეული ეტაპის შემდეგ აღიკვეთა. მგზავრები მაინც დაგვაკარგვინა. სწორედ ამისთვის არის ეს კანონი, რომ მსგავსი ფაქტები აღარ იქნეს.
ეს რეგულაცია დადებითად შეეხება არამარტო ავიაციის სფეროს, არამედ სხვადასხვა ქართულ მწარმოებლებსაც. დემპინგურმა იმპორტმა არ უნდა შეჭამოს ქართული წარმოება.
მინდა გითხრათ, რომ ჩვენ ძალიან აქტიურად ვთანამშრომლობთ კონკურენციის სააგენტოსთან. დაახლოებით სამი თვის წინ იყო საუბარი კანონპროექტზე. ამბოდნენ, რომ კანონპროექტს როგორც კი მიიღებდნენ, უფრო აქტიურად იმოქმედებდნენ დემპინგთან საბრძოლველად”,- განაცხადა იასე ზაუტაშვილმა.
შეგახსენებთ, რომ ანტიდემპინგური კანონის შემოღებასთან დაკავშირებით ინფორმაცია მიმდინარე წლის იანვარში ეკონომიკის მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა გაავრცელა. ანტიდემპინგური კანონპროექტი ამ დრომდე ეკონომიკის სამინისტროშია გაჩერებული. პარლამენტი სწორედ ამ უწყების პასუხს ელოდება. კანონი იმპორტიორ კომპანიებს უკრძალავს, პროდუქციაზე შიდა ბაზრის ფასებთან შედარებით მკვეთრად დაბალი ფასების დაწესებას, რადგანაც ასეთი ქმედების მიზანი ხშირ შემთხვევაში ადგილობრივი კომპანიების ჩაძირვაა. ანტიდემპინგური კანონპროექტის განხილვა საშემოდგომო სესიაზე იგეგმება.