”ვისოლი ჯგუფის” ინფორმაციით, “ვისოლ პეტროლიუმს” არ დაურღვევია „კონკურენციის შესახებ“ კანონის არცერთი მოთხოვნა. კომპანია კონკურენციის სააგენტოს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას არ ეთანხმება და სიმართლის დამტკიცებას კანონით მონიჭებული გზებით შეეცდეება.“ვისოლ ჯგუფი” ყოველთვის მიესალმებოდა და მიესალმება ეკონომიკის ყველა სექტორში კონკურენტული ბიზნეს გარემოს არსებობას. ჯანსაღი კონკურენცია ის ერთ-ერთი მთავარი წინაპირობაა, რომელიც ხელს გვიწყობს ვიყოთ მუდმივად მობილიზებულნი და წარმატებულად და ეფექტურად ვაკეთოთ ჩვენი საქმე.
ჩვენ თავიდანვე განვაცხადეთ, რომ ცალსახად მივესალმებით საქართველოში კონკურენციის სააგენტოს შექმნასა და მის ფუნქციონირებას. ყველა მეწარმე ვალდებულია ითანამშრომლოს ამ უწყებასთან და დაიცვას საქართველოს „კონკურენციის შესახებ“ კანონით დადგენილი მოთხოვნები.
რაც შეეხება კონკურენციის სააგენტოს მიერ “ვისოლ პეტროლიუმის” მიმართ გამოტანილ გადაწყვეტილებას, გვსურს განვაცხადოთ, რომ ჩვენ არ დაგვირღვევია „კონკურენციის შესახებ“ კანონის არცერთი მოთხოვნა. გადაწყვეტილების გამოტანამდე ამ საქმეზე 2015 წლის 8 ივლისს კონკურენციის სააგენტოში ჩატარდა შემაჯამებელი სხდომა ყველა მხარის მონაწილეობით, სადაც ჩვენ სააგენტოს წარვუდგინეთ ჩვენი არგუმენტირებული, პროფესიული და ობიექტური პოზიცია გადაწყვეტილების პროექტში ასახულ მათ მოსაზრებებთან დაკავშირებით.
ჩვენდა სამწუხაროდ სააგენტომ არ გაიზიარა არცერთი ჩვენი ობიექტური არგუმენტი და გამოიტანა გადაწყვეტილება, რომლითაც ნეგატიურად შეაფასა ჩვენი საქმიანობა „კონკურენციის შესახებ“ კანონთან მიმართებაში.
ვაფიქსირებთ, რომ არ ვეთანხმებით ამ გადაწყვეტილებაში მოყვანილ მოსაზრებებს და, ბუნებრივია, შევეცდებით ჩვენი სიმართლის დამტკიცებას ჩვენდამი კანონით მონიჭებული გზებით”,- აღნიშნულია ”ვისოლი ჯგუფის” მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
შეგახსენებთ, რომ კონკურენციის სააგენტომ ნავთობპროდუქტების ბაზრის კვლევა დაასრულა და კომპანიები და ეკონიმიკური აგენტები ჯამურად 55 მილიონი ლარით დააჯარიმა.
საგენტოს ინფორმაციით, კონკურენციის სააგენტო მივიდა იმ დასკვნამდე, რომ 2008-14 წლებში ავტოსაწვავის სასაქონლო ბაზაზე ირღვეოდა კონკურენციის დაცვის პრინციპები. კერძოდ, მოქმედებდა ხელოვნური ბარიერები იმპორტში, იზღუდებოდა წარმოება და მოქმედებდა შეთანხმებული ფასი. აქედან გამომდინარე ბაზრის ძირითად სუბიექტებს "ვისოლს", "რომპეტროლს", "სოკარს", "ლუკოილს", "გალფს", ასევე ეკონომიკურ აგენტებს, რომლებიც მჭიდრო სადისტრიბუციო ურთიერთობაში იყვნენ ამ ხუთეულთან, შესაბამისი სანქციები დაეკისრათ. გარდა ამისა, სანქციები გატარდა ფრენჩაიზინგის მიმღები ეკონომიკური აგენტების მიმართ.