პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი ეროვნული ბანკის ახალი პრეზიდენტის შერჩევის მიზნით, კონსულტაციებს იწყებს. როგორც ჟურნალისტებთან პრეზიდენტის მრჩეველმა, ეკონომიკურ საკითხებში გიორგი აბაშიშვილმა განაცხადა კონსულტაციები გაიმართება არასამთავრობო სექტორთან, დარგის ექსპერტებთან, ბიზნეს ასოციაციებთან, საბანკო სექტორთან, ეკონომიკური პროფილის სამინისტროებთან, საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებთან.
,,საერთაშორისო პრაქტიკის თანახმად, ასევე ქვეყანაში მონეტარული პოლიტიკის, საბანკო ზედამხედველობის სტაბილური ფუნქციონირებისა და მთლიანად პროგნოზირებადი გარემოს უზრუნველყოფის მიზნით, საქართველოს პრეზიდენტის დავალებით დღეიდან ვიწყებ ბატონი გიორგი ქადაგიძის შემცვლელის შერჩევის პროცესს, რომელიც იქნება ძალიან ღია პროცესი. კონსულტაციები აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით გაიმართება საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებთან, არასამთავრობო ორგანიზაციებთან, დარგის ექსპერტებთან, ბიზნეს ასოციაციებთან, საბანკო სექტორთან, ეკონომიკური პროფილის სამინისტროებთან და საქართველოს ეროვნულ ბანკთან", - განაცხადა აბაშიშვილმა.
შეგახსენებთ, რომ გიორგი ქადაგიძე ეროვნული ბანკის პრეზიდენტად 2009 წლის თებერვალში დაინიშნა და უფლებამოსილება 2016 წლის თებერვალში ეწურება.