„კავკასიის გარემოსდაცვითი არასამთავრობო ორგანიზაციების ქსელის (CENN) მიერ მომზადდა მოკლე მიმოხილვა და ანალიზი 2015 წლის 13 ივნისს, თბილისში, მდინარე ვერეს ხეობაში, მომხდარ კატასტროფულ წყალდიდობასთან დაკავშირებით.
როგორც არასამთავრობოს მიერ გავრცელებულ დოკუმენტში წერია, მდინარე ვერეზე, კატასტროფული წყალდიდობის გამომწვევი ძირითადი ბუნებრივი მიზეზი არის ამ მდინარის წყალშემკრებ აუზში დაახლოებით 3 საათის განმავლობაში მოსული თავსხმა წვიმა. ვერეს აუზში ერთ დღეში 100მმ წვიმა მოვიდა, რაც მისი 2 თვის ნორმაა.
ასევე, არასამთავრობოს განცხადებით, ვერეს აუზში პირველადი ტყე ადამიანის მოქმედებით ძლიერ არის დეგრადირებული, თითქმის მთლიანად აქვს დაკარგული წყალშემკავებელი ფუნქცია. ამიტომ, 13 ივნისს თავსხმა წვიმებით წარმოქმნილი ზედაპირული წყალი სწრაფად მოხვდა მდინარის კალაპოტში.
ბუნებრივი მიზეზების გარდა, სტიქიას ძალიან მნიშვნელოვანი ხელოვნური მიზეზიც ჰქონდა. ეს არის ვერეს კალაპოტის ბოლო მონაკვეთზე (რომელიც ქ. თბილისის განაშენიანებული ტერიტორიის საზღვრებში მდებარეობს), ხანგრძლივი, არასწორად წარმართული სამეურნეო საქმიანობის შედეგი, რამაც მდინარის კალაპოტის წყალგამტარუნარიანობის ნაწილობრივი პარალიზება გამოიწვია.