დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის ამირან გამყრელიძის თქმით, სტიქიის ზონაში ეპიდემიის საფრთხე მინიმალურია და პანიკის საფუძველი არ არის. როგორც მან „2030“-ის ეთერში განაცხადა, ეპიდემოლოგები ინტენსიურად მუშაობენ სტიქიის ყველა ეპიცენტრში“.
„ეპიდემიის საფრთხე მინიმალურია. პანიკის საფუძველი არ არის, ეპიდემოლოგები ინტენსიურად მუშაობენ სტიქიის ყველა ეპიცენტრში: სვანიძის და წყნეთის ქუჩებზე, ზოოპარკის და მზიურის მიმდებარე ტერიტორიებზე“, - განაცხადა ამირან გამყრელიძემ.
ამასთანავე დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელმა მოუწოდა გაწმენდით სამუშაოებში მონაწილეებს დაიცვან ელემენტარული წესები: მუშაობა დახურულ ტანსაცმელში და მაღალყელიან რეზინის ფახსაცმელში.
„თუ მოხდა კანის დაზიანება ჭრილობის ადგილი საპნით უნდა იყოს დამუშავებული ტეტანუსის ვირუსის გავრცელების საწინააღმდეგოდ. ამ შემთხვევაში საჭიროა სამედიცინო დაწესებულებებში მიმართვა, სადაც უფასოდ გაუკეთებენ ტეტანუსის ანატოქსინით აცრას, - აღნიშნა სპეციალისტმა და დაამატა: როდესაც მორჩება ამოტუმბვითი სამუშაოები სახლებიდან, რომლებიც დატბორილი იყო (იქ არის გადამტანების დაბუდების რისკი), ჩვენი შესაბამისი სამსახურები სპეციალური ნივთიერებებით დაამუშავებენ ამ სარდაფებს და მინიმუმამდე დაიყვანენ რისკს სხვადასხვა ვექტორებით გადამტანი დაავადებების გავრცელებისა.“