მთავრობის ადმინისტრაციაში საგანგებო შტაბის სხდომა გვიან ღამემდე გაგრძელდა. მინისტრებმა დედაქალაქში არსებული ვითარება შეაჯამეს. როგორც ირაკლი ღარიბაშვილმა შტაბის სხდომაზე განაცხადა, 13-14 ივნისს მომხდარი სტიქიის შედეგად მდინარე ვერეს ხეობისა და მისი მიმდებარე ტერიტორიის მდგომარეობის შესწავლისა და შემდგომი აღდგენითი სამუშაოს ორგანიზების მიზნით, სახელმწიფო კომისია შეიქმნება. პრემიერის განცხადებით კომისიის მუშაობაში მსოფლიოში ცნობილი უცხოელი და ქართველი სპეციალისტები - გეოლოგები, არქიტექტორ-ურბანისტები და გეო-კონსტრუქტორები ჩაერთვებიან... დადგენილება სახელმწიფო კომისიის შექმნის შესახებ, რომელსაც პრემიერ-მინისტრი უხელმძღვანელებს, მთავრობის უახლოეს სხდომაზე დამტკიცდება.