ევროინტეგრაციის თემაზე ახალქალაქში ადგილობრივ ფერმერებთან შეხვედრა გაიმართა. შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის სახელმწიფო მინისტრის აპარატის ინფორმაციით, შეხვედრაში შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატის წარმომადგენლები თინათინ ღოღელიანი და არტუშ მელკონიანი, სოფლის მეურნეობისა და ეკონომიკის სამინისტროების წარმომადგენლები - ლაშა ინაური, არმენ ამირხანიანი, თამაზ გოგოლაძე და ინგა ახობაძე მონაწილეობდნენ.
როგორც სამინისტროში აცხადებენ, მათ შეკრებილებს მიაწოდეს ინფორმაცია ევროინტეგრაციის პროცესის, ასოცირების შეთანხმების მოსალოდნელ სარგებელზე. კერძოდ, საუბარი შეეხო სოფლის მეურნეობისა და ვაჭრობის მიმართულებით მოსალოდნელ პერსპექტივებს. შეხვედრაში ნინოწმინდელ და ახალქალაქელ ფერმერებთან ერთად ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები მონაწილეობდნენ.
მათივე ინფორმაციით, ანალოგიური შეხვედრა 11 ივნისს მარნეულში გაიმართება. ევროინტეგრაციის თემაზე შეხვედრები რეგიონებში ევროინტეგრაციის საკითხთა კომუნიკაციისა და ინფორმაციის შესახებ საქართველოს მთავრობის 2014-2017 წლების სტრატეგიის ფარგლებში მიმდინარეობს.