14 ივნისს 18:00 საათზე საქართველოს პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკაში (გუდიაშვილის ქ. N 7; ბიბლიოთეკის მე-3 კორპუსის ეზო) ეროვნული ბიბლიოთეკისა და არასამთავრობო ორგანიზაციის „კოალიცია დამოუკიდებელი ცხოვრებისათვის“ ორგანიზებით, შშმ პირების უფლებების დაცვის დღესთან დაკავშირებით სოლიდარობის ღონისძიება და პროექტის „ხელმისაწვდომობა თანასწორობისათვის“ პრეზენტაცია გაიმართება, რომლის მხარდამჭერია World Jewish Relief.
ღონისძიების მიზანია შშმ პირებისათვის ეროვნული ბიბლიოთეკის სივრცის ადაპტირება და ფონდების მოძიება. პროექტი ითვალისწინებს საზოგადოების სხვადასხვა ჯგუფების ცნობიერების ამაღლებას შშმ პირთა უფლებების, საჭიროებებისა და ადაპტირებული გარემოს შესახებ.
ღონისძიებაზე ეროვნულ ბიბლიოთეკასა და კოალიციას შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდება, რომლის თანახმადაც მხარეები ერთად უზრუნველყოფენ დაინტერესებული მხარეების მოძიებასა და პროექტში ჩართვას.
ღონისძიებას საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ბატონი დავით უსუფაშვილი, არასამთავრობო ორგანიზაციების, საქართველოში არსებული კომპანიების და სახელმწიფო სტრუქტურების წარმომადგენლები დაესწრებიან. ისინი გაეცნობიან პროექტის არსს, ნახავენ ბიბლიოთეკის ადაპტირების არქიტექტურულ გეგმას და სურვილის შემთხვევაში საკუთარ წვლილს შეიტანენ მის განხორციელებაში და ზოგადად, თანასწორი საზოგადოების ჩამოყალიბების საქმეში.