მოსკოვში 66 წლის ასაკში ჯუნა დავითაშვილი გარდაიცვალა. მისი უახლოესი მეგობრის, მსახიობ სტანისლავ სადალსკის ინფორმაციით, ცნობილი ნათელმხილველი და ასტროლოგი ორი დღის განმავლობაში კომაში იმყოფებოდა. ექიმებმა მისი გადარჩენა ვეღარ შეძლეს. ჯუნა დავითაშვილი, იგივე ევგენია სარდისი 1949 წელს კრასნოდარში დაიბადა. საქართველოში გათხოვების შემდეგ მან მეუღლის გვარი მიიღო. 1980 წლიდან ის მოსკოვში მუშაობდა, სადაც 90-იანი წლების დასაწყისში ალტერნატიული მეცნიერების აკადემია დააარსა, 1995 წლიდან კი არატრადიციული მედიცინის საერთაშორისო უნივერსიტეტის პრორექტორად მუშაობდა. პარალელურად ის პრეზიდენტ ელცინის მრჩეველიც იყო. 1997 წელს მან თავი სურელი ხალხის დედოფლად გამოაცხადა, მანამდე კი საკუთარი პარტია შექმნა. 2002 წელს ჯუნას 26 წლის ვაჟი გარდაეცვალა, რის შემდეგაც კარჩაკეტილ ცხოვრებას ეწეოდა. მის პაციენტებს შორის ცნობილი პერსონები, მათ შორის, ლეონიდ ბრეჟნევი, ანდრეი ტარკოვსკი, ფედერიკო ფელინი, მარჩელო მასტროიანი და რობერტ დე ნირო იყვნენ.