წმინდა მამა გაბრიელის (ურგებაძის) მანტია რუსეთში ჩაიტანეს. რუსული მედია ამის შესახებ ქართველი მსახიობის დავით გიორგობიანის ინფორმაციაზე დაყრდნობით წერს. მოსკოველებს მანტიასთან მიახლება და მოლოცვა ორი დღის განმავლობაში - 11-12 ივნისს, საქართველოს მოედანზე მდებარე წმინდა გიორგის სახელობის ტაძარში შეეძლებათ.
დავით გიორგობიანი თავისი ვებგვერდზე ტაძრის მისამართის შესახებ ზუსტ ინფორმაციას აქვეყნებს. მისივე ინფორმაციით, სიწმინდეს მოსალოცად დააბრძანებს საქართველოს საპატრიარქოს ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მონასტრის მონაზონი დედა სერაფიმა ჭითანავა.
გიორგობიანი წერს ასევე, რომ მამა გაბრიელის შესახებ წიგნი რუსულ ენაზე უახლოეს ხანებში გამოიცემა, ასევე იგეგმება ფილმის გადაღება.