თბილისის საკრებულო ახალი პანთეონისთვის ეძებს, რადგან დიდუბის პანთეონი ოფიციალურად დაიხურება. ამის შესახებ ჟურნალისტებს საკრებულოს თავმჯდომარემ გიორგი ალიბეგაშვილმა განუცხადა.
მისი თქმით, დიდუბის მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა პანთეონში პრაქტიკულად არ არის საშუალება მიცვალებულის დასაკრძალად.
,,ბოლო 2-3 თვეა უკვე ინტენსიურად მიმდინარეობს მუშაობა, რათა ახალი პანთეონისთვის შესაფერისი ადგილი მოიძებნოს. შერჩეული იყო რამდენიმე ადგილი. ეს გახლდათ ე.წ. რუსთაველის მონუმენტი, რომელიც ლოტკინის ასახვევშია. ასევე ზურაბ წერეთლის მიერ აგებული "მეფეთა მონუმენტი", რომელიც თბილისის ზღვაზეა, მაგრამ ბოლოს კომისიამ გადაწყვეტილება შეაჩერა ახლად მშენებარე ივერის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ტაძრის შემოგარენზე. ამაზე მიდის ახლა საუბარი. პატრიარქის ლოცვა-კურთხევაც არის ამ თემასთან დაკავშირებით. ჩართული არის სპეციალისტები, სასულიერო პირები, მოქალაქეები, შესაბამისი სამსახურის წარმომადგენლები. ვფიქრობთ, უახლოეს მომავალში მივიღებთ იმ გადაწყვეტილებას, რომელიც პანთეონს, როგორც ისტორიულ ადგილს და არა მხოლოდ დასაკრძალ ადგილს თავის იერსახეს მიანიჭებს და ჩვენს დედაქალაქს ექნება შესაფერისი პანთეონი", - აღნიშნა გიორგი ალიბეგაშვილმა.