ბათუმში გმირთა ხეივნის ტერიტორიაზე მაღალი დონის სასტუმრო აშენდება. კომპანია DAR BUILDING-მა აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს მიერ გამოცხადებულ პირობებიან აუქციონში გაიმარჯვა, რომელზედაც ბათუმში, ტბ.აბუსერიძის ქ.N15/ფიროსმანის ქ.N5-ში მდებარე 3718 კვ.მ არასასოფლო- სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი იყიდებოდა. ობიექტის საწყისი ღირებულება 551 ათას დოლარს შეადგენდა, თუმცა DAR BUILDING-მა ის 563 ათას დოლარად იყიდა.
პირობების მიხედვით, ინვესტორი ვალდებულია მრავალფუნქციური ტურისტული ინფრასტრუქტურა განავითაროს, რომელიც მინიმუმ 80 ნომერზე გათვლილი სასტუმროს, საცხოვრებელი აპარტამენტებისა და მიწისქვეშა ავტოსადგომის მშენებლობას ითვალისწინებს.
ინვესტორი ვალდებულია, რომ შესაბამისი ხელშეკრულების გაფორმებიდან 60 თვის ვადაში მრავალფუნქციური შენობა-ნაგებობის მშენებლობა დასრულოს და ექსპლუატაციაში შეყვანოს.
ასევე, მრავალფუნქციური შენობა-ნაგებების ექსპლუატაციაში შეყვანიდან 6 თვის განმავლობაში შენობა-ნაგებობის ნაწილში, არანაკლებ 2 000 კვ.მ ფართზე საზოგადოებრივი კვების ობიექტ(ებ)ის (სამინისტროსთან შეთანხმებით მოეწყოს ერთ-ერთი მაინც შემდეგიდან - რესტორანი, ბარი, კაფე) და გასართობი ცენტრ(ებ)ი (“კარაოკე“-ბარი) მოწყოს.
აუქციონის პირობების მიხედვით, ინვესტორმა პროექტის განხორციელებისათვის მინიმუმ 15 მლნ დოლარის ინვესტიცია უნდა განახორციელოს.
შეგახსენებთ, რომ გმირთა ხეივნის განვითარების კონცეფციაზე აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრომ იმუშავა. ტერიტორიის ფართობია 3 ჰა. დაგეგმარების მიხედვით ხეივანი 14 საინვესტიციო მიწის ნაკვეთად დაიყო, რომლის ათვისება 3 ეტაპად განხორციელდება.
კონცეფციის მიხედვით შენობის მაქსიმალური სიმაღლე 140, ხოლო მინიმალური 30 მეტრი განისაზღვრა. ტერიტორიაზე სასტუმროების, აპარტამენტების, რესტორნების, სხვადასხვა გასართობი ობიექტებისა და სპორტული ცენტრების განთავსება იქნება შესაძლებელი. გმირთა ხეივნის განვითარების კონცეფციის მიზანი საინვესტიციო გარემოს გაუმჯობესება, ბიზნესის/ტურიზმის ხელშეწყობა,სამუშაო ადგილების შექმნა და ქალაქის ინფრასტრუქტურის განვითარებაა.