19-27 მაისს, საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის დავით საგანელიძის ხელმძღვანელობით, დაგეგმილია ოფიციალური სამთავრობო დელეგაციის გამგზავრება ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ქ.ურუმჩიში, ქ.სიანში და ქ.პეკინში.
20 მაისს ჩინეთის ქ.ურუმჩიში საქართველოს მხარე შეხვედრებს გამართავს სიანის პროვინციის გუბერნატორთან და მთავრობის წარმომადგენლებთან.
21-25 მაისამდე კი დელეგაცია მონაწილეობას ქ. სიანის საერთაშორისო ფორუმში “9th Investment and Trade Forum for Cooperation between East and West China and the Silk Road International Exposition“ “ მიიღებს.
პარალემნტის ინფორმაციით, ჩინურმა მხარემ აღნიშნულ ფორმუმზე საქართველოს საპატიო სტუმრის სტატუსი მიანიჭა. ფორუმის გახსნის ცერემონიალზე ქართული ფოლკლორული ანსამბლი "რუსთავი" წარდგება.
ფორუმის ფარგლებში დაგეგმილია საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერისა და ჩინეთ-საქართველოს მეგობრობის ჯგუფის ხელმძღვანელის, დავით საგანელიძის სიტყვით გამოსვლა.
ასევე გაიმართება დისკუსია "აბრეშუმის გზის-ეკონომიკური სარტყელის" საინვესტიციო გარემოს საკითხზე, რომელშიც საქართველოს ეროვნული საინვესტიციო სააგენტოს წარმომადგენლები მონაწილეობას მიიღებენ.
21- 26 მაისს ქ. სიანის საერთაშორისო გამოფენაზე მოეწყობა საქართველოს ეროვნული პავილიონი, სადაც წარმოჩნდება საქართველოს ისტორიულ-კულტურული და ეკონომიკურ-სოციალური გარემო.
გამოფენაზე საქართველოს სტენდთან სტუმრებისათვის ღვინის დეგუსტაცია გაიმართება. ქართული მხარე სტუმრებს საქართველოს ტურიზმის, კულტურისა და ინვესტიციების სფეროში ინფორმაციას მიაწვდიან.
26 მაისს კი, ჩინეთის დედაქალაქ პეკინში საქართველოს საელჩო საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ მიღებას გამართავს, რომელსაც საქართველოს ოფიციალური დელეგაციის წევრები და ჩინეთის ხელისუფლების წარმომადგენლები დაესწრებიან.