"რუსეთს მოვუწოდებთ, შეასრულოს საერთაშორისო ვალდებულებები, მათ შორის, ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულებები", - ამის შესახებ ნატოს გენერალურმა მდივანმა ანდრეს ფოგ რასმუსენმა "რადიო თავისუფელებისთვის" მიცემულ ინტერვიუში განცხადა.
ალიანსის გენერალური მდივნის განცხადებით, რუსეთსა და ნატოს შორის ურთიერთობის მოწესრიგება მისი ერთ-ერთი უმთავრესი პრიორიტეტია.
"დასამალი არ არის, რომ ჩვენ გვაქვს უთანხმოებები რუსეთთან. ერთ-ერთი სფერო, რაშიც ერთმანეთს არ ვეთანხმებით, საქართველოა. ჩვენ დაჟინებით ვაცხადებთ, რომ სრულად ვცემთ პატივს და ვაღიარებთ საქართველოს სუვერენიტეტს და ტერიტორიულ მთლიანობას. რუსეთს მოვუწოდებთ, შეასრულოს საერთაშორისო ვალდებულებები, მათ შორის, ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულებები", - განაცხადა რასმუსენმა.
მისივე თქმით, მიუხედავად იმისა, რომ რუსეთსა და ნატოს საქართველოს საკითხზე უთანხმოება კვლავ აქვთ, ეს მათ საერთო ინტერესებს სხვადასხვა სფეროში, თუნდაც - უსაფრთხოების სფეროში ვერ გადაფარავს.
"მაგალითად ავიღოთ ტერორიზმი. რუსეთი თავადაც განიცდის ტერორიზმის საფრთხეს. შესაბამისად, ჩვენ უნდა ვითანამშრომლოთ ტერორიზმთან ბრძოლის საქმეში. გვაქვს საერთო ინტერესი, რომ მივაღწიოთ წარმატებას ავღანეთში. ერთნაირი საფრხის წინაშე ვდგავართ მასობრივი განადგურების იარაღის, კერძოდ, ბირთვული იარაღის გაუვრცელებლობის სფეროში. იგივე შეეხება სარაკეტო საფრთხეს, მეკობრეობას. ყველა ამ სფეროში პრაქტიკული თანამშრომლობა უნდა განვავითაროთ", - აღნიშნა ნატოს გენერალურმა მდივანმა.