პრეზიდენტის, პრემიერ-მინისტრის და პარლამენტის თავმჯდომარის ევროკავშირის ხელმძღვანელობისადმი ერთობლივი წერილის გაგზავნა არის უაღრესად მისასალმებელი პრეცედენტი. ამის შესახებ, საგარეო ურთიერთობათა საკითხებში საქართველოს პრეზიდენტის მრჩევლმა თენგიზ ფხალაძემ ჟურნალისტებთან განაცხადა.
"ეს არის უაღრესად მისასალმებელი პრეცედენტი, როდესაც ასეთი ერთიანობა ფიქსირდება. ეს არის სწორედ ის, რაც ყველაზე მეტად სჭირდება ქვეყანას. დარწმუნებული ვარ, რომ სწორედ ამ ერთიანობით მოვახერხებთ ძალიან სერიოზული მიზნების მიღწევას. ეს არ უკავშირდება მხოლოდ რიგის სამიტს. რაც უფრო მეტგან იქნება დაფიქსირებული ერთიანი ძალისხმევა, მით უფრო უკეთესი იქნება. უფრო მეტად გამიხარდება, თუ ასეთ ერთიანობას დააფიქსირებს საქართველოში არსებული ყველა პოლიტიკური ძალა იმ ძირითადი გამოწვევების წინაშე, რომელიც დღევანდელ დღეს აქვს ქვეყანას. ასე რომ, რამ მიიყვანა ხელმომწერი პირები აქამდე? – მიიყვანა იმან, რომ ყველა ემსახურება საქართველოს", - განაცხადა თენგიზ ფხალაძემ.
მისივე თქმით, საქართველოს აქვს საკმაოდ სერიოზული პროგრესი საშინაო დავალებების შესრულების მხრივ,რაზეც ღიად საუბრობდა რამდენიმე დღის წინ გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი.
„საკმაოდ სერიოზული პროგრესი გვაქვს იმ საშინაო დავალებების შესრულების მხრივ, რომლებიც შესასრულებელია და ამაზე ღიად საუბრობდა რამდენიმე დღის წინ გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი. ჩვენ გვაქვს იმის იმედი, დავარწმუნოთ ჩვენი პარტნიორები იმაში, რომ რეფორმების ციკლი ამით კი არ მთავრდება საქართველოში, არამედ ამას სჭირდება მეტი წახალისება რაც ძალიან კონკრეტულ გადაწყვეტილებებში უნდა გამოიხატოს, რასაც ჩვენ ველოდებით რიგის სამიტიდან და გვაქვს იმის იმედი, რომ რიგის სამიტი გახდება ახალი იმპულსის მიმცემი სწორედ საქართველოს ევროპული ინტეგრაციისათვის“, - განაცხადა ფხალაძემ.
შეგახსენებთ, საქართველოს პრეზიდენტმა, პრემიერ-მინისტრმა და პარლამენტის თავმჯდომარემ რიგის სამიტის წინ ევროკომისიის პრეზიდენტ ჟან-კლოდ იუნკერს, ევროკავშირის საბჭოს პრეზიდენტ დონალდ ტუსკს და ევროპარლამენტის პრეზიდენტ მარტინ შულცს ერთობლივი წერილით მიმართეს. მათ რიგის სამიტზე საქართველოს მიერ მიღწეული პროგრესის ასახვა ითხოვეს.