სოფლის მეურნეობის მინისტრის მოვალეობის შემსრულებლის ოთარ დანელიას განცხადებით, მნიშვნელოვანია ახალი მთავრობისთვის ნდობის გამოცხადების პროცესი სწრაფად დასრულდეს.
,,მნიშვნელოვანია პროცესი დასრულდეს ძალიან სწრაფად, რადგან ბევრი მიმდინარე პროცედურებია სამინისტროებში, ბევრი დაგეგემილი ვიზიტები და შეხვედრებია, ამიტომ არ უნდა შეფერხდეს ეს პროცესი. რაც სწრაფად მოხდება მთავრობისთვის ნდობის გამოცხადების პროცედურა უკეთესია ყველასთვის, -განაცხადა დანელიამ.
მისივე თქმით, მინისტრობის კანდიდატებთან დაკავშირებით კონსულტაციები აქტიურად მიმდინარეობს.
,,კონსულტაციები მიმდინარეობს, ბუნებრივია, მე ვერ გეტყვით ვინ იქნებიან მთავრობის ახალ შემადგენლობაში. კანდიდატების შესახებ განცხადებას, სავარაუდოდ, დღეს ან ხვალ თავად პრემიერ-მინისტრი გააკეთებს", - განაცხადა ოთარ დანელიამ.
შეგახსენებთ, რომ ამ ეტაპზე ყველა მინისტრი მოვალეობის შემსრულებლად მიიჩნევა.
შვიდი მინისტრის შეცვლის შემდეგ, პრეზიდენტი ვალდებულია პარლამენტს მთავრობის ახალი შემადგენლობა დასამტკიცებლად 7 დღის ვადაში წარუდგინოს. გუშინ სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრი ლევან ყიფინი მეშვიდე მინიტრი იყო ვინც მინისტრთა კაბინეტის შემადგენლობა დატოვა.
პრემიერ ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, განახლებული მთავარობის შემადგენლობაში მხოლოდ ორი ახალი - გარემოს დაცვისა და სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრი იქნებიან.