ეკონომიკური ზრდის მაჩვენებლით, საქართველო რეგიონში გამონაკლისია, რაც მთავრობოის ეფექტური გუნდის დამსახურებაა. ამის შესახებ, დღეს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა.
"მარტში ქვეყნის ეკონომიკურმა ზრდამ 4,1% შეადგინა, რაც ძალიან სერიოზული ზრდის მაჩვენებელია, მით უმეტეს იმ ვითარებაში, რომელშიც ჩვენ ვიმყოფებით და, რომელშიც არის მთელი მსოფლიოს, განსაკუთრებით რეგიონის ეკონომიკა. გეტყვით, რომ პირველ კვარტალში ეკონომიკურმა ზრდამ შეადგინა 3,1%. ეს არის მართლაც გამონაკლისი - გადახედეთ რეგიონში მიმდინარე სიტუაციას. ეს არის დამსახურება ჩვენი ეფექტური მინისტრების, როგორიც იყო მაგალითად შავლიაშვილი, რომლის უწყებამ პირველ კვარტალში გეგმის 107%-იანი შესრულება აჩვენა. ეს არის სხვა სამინისტროების დამსახურებაც. ძალიან კარგად იმუშავა ფინანსთა სამინისტრომ, რომელმაც საგადასახადო შემოსავლებში მოლოდინს 13,2%-ით გადააჭარბა, ასე რომ ზრდა არის და გვაქვს სტაბილური მონაცემები",- აღნიშნა ღარიბაშვილმა.
ლარის გაუფასურების პროცესს კი, პრემიერ-მინისტრი საგარეო ფაქტორებს უკავშირებს.
,,ლართან მიმართებით, რა თქმა უნდა, ეს არის საგარეო ფაქტორებით განპირობებული... კიდევ ერთხელ ვადასტურებ, რომ ეს არის რეგიონში მიმდინარე მოვლენები და მათთან დაკავშირებული პროცესების ანარეკლი. ასე რომ, ჩვენ უნდა გავაგრძელოთ ზრდა ეკონომიკური და ჩვენ ამისთვის ყველაფერს ვაკეთებთ”- განმარტა მთავრობის მეთაურმა