ევროკავშირის ლიდერები ხმელთაშუა ზღვაში მასშტაბური სპეცოპერაციის ჩატარების საკითხს განიხილავენ. სამხედრო ოპერაციის ჩატარების შესახებ გადაწყვეტილება ჯერჯერობით მიღებული არ არის, თუმცა როგორც საფრანგეთის პრეზიდენტი ფრანსუა ოლანდი აცხადებს, ევროკავშირი გაეროსგან ოპერაციის ჩატარების სანქციის მიღებას შეეცდება. ოპერაციის ფარგლებში იმ გემების განადგურება იგეგმება, რომლითაც ევროპაში კონტრაბანდისტებს არალეგალი ემიგრანტები გადაჰყავთ. არალეგალური ემიგრაციის წინააღმდეგ ბრძოლის გააქტიურება ევროკავშირმა მას შემდეგ გადაწყვიტა, რაც ხმელთაშუა ზღვის გავლით ევროპაში გადასვლის მცდელობას 800-მდე ადამიანი ემსხვერპლა.