IT პერსპექტიული მიმართულებით სწავლებისთვის გადამზადებული ტრენერები სერთიფიკატებით დაჯილდოვდნენ.
ტრენერთა გადასამზადებელი პროგრამა 2014 წლის 15 დეკემბერს დაიწყო. მონაწილეებმა 3 თვიანი ინტენსიური კურსის ფარგლებში აიმაღლეს ტექნიკური კვალიფიკაცია. გარდა ამისა, მათ ჩაუტარდათ ტრენინგი იმ უნარ-ჩვევების განვითარებისთვის, რაც სატრენინგო პროცესის ეფექტურად წარმართვისათვის არის საჭირო. თითოეულ ტრენერს გააჩნია ვალდებულება წლის განმავლობაში 40 სტუდენტის გადამზადება განახორციელოს დამწყები პროგრამისტის დონემდე. გამოცდა წარმატებით ჩააბარა და შესაბამისი ქულები დააგროვა 50-მა ტრენერმა, ისინი 6 მიმართულებით იყვნენ განაწილებულნი:
- Java პროგრამირება
- IOS
- ანდროიდი
- ვებ პროგრამირება (Front-end)
- ხარისხის უზრუნველყოფა და ტესტირება
- პროექტების მენეჯმენტი
ტრენინგს უკრაინიდან მოწვეული ტრენინგ ცენტრის, Skill Up-ის მაღალი კვალიფიკაციის მქონე სპეციალისტები უძღვებოდნენ. კურსდამთავრებულებს სამომავლო საქმიანობის ეფექტურად განხორციელებისათვის გადაეცათ სასწავლო პროგრამები და მასალები. გადამზადების პროგრამა საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტომ დააფინანსა.
აღნიშნული პროექტი საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს მიერ 2020 წლისათვის 40,000 IT სპეციალისტის გადამზადების პროგრამის ფარგლებში გაიმართა. გადამზადებული ტრენერები სააგენტოს მხარდაჭერით და საქართველოში არსებული სასწავლებლებისა და კომპანიების ჩართულობით მოახდენენ ინოვაციების ლაბორატორიების ფორმირებას, სადაც ისინი გააგრძელებენ დამწყები დონის სპეციალისტების მომზადებას. წლის განმავლობაში სააგენტოს ხელშეწყობით დაგეგმილია დამატებით 120 ტრენერის გადამზადება პერსპექტიული ტექნოლოგიური მიმართულებებით.