საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, თამარ ბერუჩაშვილმა შეხვედრა გამართა ეუთო-ს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებათა ოფისის დირექტორთან, მაიკლ გეორგ ლინკთან, რომელიც 2015 წლის 6-7 აპრილს საქართველოს ოფიციალური ვიზიტით ეწვია.
შეხვედრაზე საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა ხაზი გაუსვა ODIHR-თან საქართველოს მჭიდრო თანამშრომლობის მნიშვნელობას ქვეყნის დემოკრატიული განვითარების გზაზე. ODIHR-ის დირექტორს კიდევ ერთხელ გადაეხადა მადლობა საქართველოს სასამართლო და საარჩევნო სისტემების დახვეწის პროცესში გაწეული დახმარებისათვის.
შეხვედრაზე ODIHR-ის დირექტორს ინფორმაცია მიეწოდა საოკუპაციო ხაზის გასწვრივ მავთულხლართების გავლების პროცესისა და ოკუპირებულ რეგიონში ადამიანის უფლებათა მასობრივი დარღვევების ფაქტებზე. აღსანიშნავია, რომ საქართველოში ვიზიტის ფარგლებში ბ-ნი ლინკი მოინახულებს საოკუპაციო ხაზს და თავად შეძლებს ადგილზე არსებული ვითარების შეფასებას.
შეხვედრაზე ქართულმა მხარემ ყურადღება გაამახვილა რუსეთის ფედერაციასა და საოკუპაციო რეჟიმებს შორის ე.წ „ხელშეკრულებების“ ხელმოწერის საკითხზე და კიდევ ერთხელ აღინიშნა, რომ რუსეთის ეს ქმედება სრულიად ეწინააღმდეგება საერთაშორისო სამართლის ნორმებს და პრინციპებს და წარმოადგენს საქართველოს რეგიონების ფაქტობრივ ანექსიას.
შეხვედრაზე ODIHR-ის დირექტორმა გამოხატა ოფისის მზადყოფნა მომავალშიც აღმოუჩინოს დახმარება საქართველოს დემოკრატიული ინსტიტუტების გაძლიერების პროცესში.
საქართველოში ვიზიტის ფარგლებში ეუთო-ს გენერალური მდივანი შეხვედრებს გამართავს აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების წარმომადგენლებთან.