საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს პოლიეთილენის პარკებით გარემოს დაბინძურების წინააღმდეგ მიმართულ კამპანიას სუპერმარკეტების ქსელი „სმარტი" შეუერთდა. „სმარტი" გარდა იმისა, რომ პოლიეთილენის პარკებს ჩაანაცვლებს ბიოდეგრადირებადით, «მწვანე ჩანთების" მრავალჯერადად გამოყენების წახალისების მიზნით, მომხმარებელს სპეციალურ ფასდაკლების აქციას სთავაზობს. სუპერმარკეტების ქსელს დღეს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრი ელგუჯა ხოკრიშვილი სტუმრობდა.
საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს ინიციატივით, 2015 წლიდან პოლიეთილენის პარკებს ეტაპობრივად ბიოდეგრადირებადი პარკები ჩაანაცვლებს.
პოლიეთილენით გარემოს დაბინძურების პრობლემა აქტუალურია მთელი მსოფლიოსთვის და მათ შორის საქართველოსთვის. პოლიეთილენის პარკის გარემოში დაშლას ასეულობით წლები ჭირდება და დიდ ზიანს აყენებს გარემოს. მაშინ, როდესაც ბიოდეგრადირებადი პარკი 3-6 თვიდან იწყებს გარემოში დაშლას. სამინისიტრო ბიოდეგრადირებადი პარკებისა და მრავალჯერადი ჩანთების გამოყენების დანერგვით ხელს შეუწყობს ქვეყანაში პოლიეთილენის პარკების მოხმარების შემცირებას და საბოლოოდ პოლიეთილენის მთლიანად ამოღებას.