2015 წლის მარტში წინა თვესთან შედარებით საქართველოში ინფლაციის დონემ 1,2 პროცენტი შეადგინა. ”საქსტატის” ინფორმაციით, მოცემულ პერიოდში ინფლაციის მაჩვენებლის ფორმირებაზე ძირითადი გავლენა იქონია ფასების ცვლილებამ შემდეგ ჯგუფებზე:
სურსათი და უალკოჰოლო სასმელები: მოცემულ პერიოდში ფასები გაიზარდა 1,2 პროცენტით, შესაბამისად, ჯგუფის წვლილმა თვის ინფლაციის მთლიან მაჩვენებელში 0,37 პროცენტული პუნქტი შეადგინა. ფასების ზრდა დაფიქსირდა ქვეჯგუფებზე: ხილი და ყურძენი (18,7 პროცენტი), ყავა, ჩაი და კაკაო (4,5 პროცენტი), ბოსტნეული და ბაღჩეული (3,5 პროცენტი) და თევზეული (2,4 პროცენტი). ამასთან, ფასები შემცირდა რძის, ყველისა და კვერცხის ქვეჯგუფზე (-4,7 პროცენტი);
ავეჯი, საოჯახო ნივთები, სახლის მოვლა: ჯგუფში ფასები გაიზარდა 4,4 პროცენტით, რაც თვის ინფლაციის მთლიან მაჩვენებელზე 0,28 პროცენტული პუნქტით აისახა. ფასების აღნიშნული ზრდა მნიშვნელოვნად განაპირობა ძირითად ელექტრონულ ან არაელექტრონულ საოჯახო მოწყობილობებზე ფასების 9,7-პროცენტიანმა მატებამ;
ტრანსპორტი: წინა თვესთან შედარებით ფასები გაიზარდა 1,3 პროცენტით, შესაბამისად ჯგუფის წვლილმა თვის ინფლაციის მთლიან მაჩვენებელში 0,15 პროცენტული პუნქტი შეადგინა. ფასები გაიზარდა სატრანსპორტო საშუალებების შეძენაზე (4,6 პროცენტი).