1 აპრილს ამერიკის შეერთებულ შტატებში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში თეთრ სახლში შედგა შეხვედრა მეწარმეობის განვითარების სააგენტოს დირექტორს, გიორგი ციკოლიასა და ბრეტ ბრუენს შორის, რომელიც ხელმძღვანელობს მეწარმეობის განვითარების პროგრამებს მთელი მსოფლიოს მაშტაბით. ბატონი ბრუენი უშუალო კოორდინაციას უწევს აშშ-ს პრეზიდენტის ბარაკ ობამას ინიციატივებს მეწარმეობის განვითარებასთან მიმართებაში, ხელს უწყობს ახალგაზრდა ლიდერების განვითარებას და ახორციელებს განათლების სფეროში საერთაშორისო გაცვლით პროგრამებს.
თეთრ სახლში შეხვედრის დროს განხილულ იქნა საქართველოს ჩართულობის საკითხი რამოდენიმე პროექტში, მათ შორის აშშ-ს პრეზიდენტის მიერ ინიცირებული მეწარმეობის გლობალური სამიტის სამომავლოდ საქართველოში ჩატარების შესაძლებლობა.
აღსანიშნავია, რომ მეწარმეობის გლობალური სამიტი ყოველ წელს 3000-ზე მეტ მონაწილეს აერთიანებს. სამიტის დელეგატებს შორის არიან სხვადასხვა სახელმწიფოების მეთაურები, მთავრობის წარმომადგენლები, მსოფლიოს მაშტაბით განთქმული და წარმატებული მეწარმეები, მცირე და საშუალო ბიზნესის წარმომადგენლები. 2014 წლის ნოემბერში, მარაკეშში, სწორედ აღნიშნულ სამიტში მეწარმეობის განვითარების სააგენტოს წარმომადგენლებმაც მიიღეს მონაწილეობა და გაეცნენ მსოფლიოს მაშტაბით მეწარმეობის განვითარების ტენდენციებს, წარმატებული მეწარმეების გამოცდილებას და ამასთანავე დაამყარეს კავშირი სამიტის უშუალო ორგანიზატორებთან.
აღსანიშნავია, რომ უკვე მესამე დღეა ამერიკის შეერთებული შტატების ვაჭრობის სახელმწიფო დეპარტამენტისა და მცირე ბიზნესის ადმინისტრაციის მიწვევით აშშ-ში სამუშაო ვიზიტით იმყოფება მეწარმეობის განვითარების სააგენტოს დელეგაცია, სააგენტოს დირექტორის გიორგი ციკოლიას ხელმძღვანელობით.
ვიზიტის მთავარ მიზანს წარმოადგენს აშშ-ს საჯარო და კერძო სტრუქტურების მხრიდან გამოცდილებისა და ცოდნის გაზიარება მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარებასა და ზრდასთან დაკავშირებით. შესაბამისად ოთხი დღის განმავლობაში მიმდინარეობს ინტენსიური შეხვედრები და კონსულტაციები სხვადასხვა სტუქტურებთან, მათ შორის აშშ-ს მცირე ბიზნესის ადმინისტრაციის, ექსპორტის ხელშეწყობის ცენტრის, ვაჭრობის სახელმწიფო დეპარტამენტის მცირე ბიზნესის განვითარების სააგენტოს, ვაშინგტონის მეწარმეობის განვითარების უნივერსიტეტის, ჰანიველის ტექნოლოგიური ინოვაციების ცენტრისა და სხვა სახელმწიფო, თუ კერძო სტრუქტურების წარმომადგენლებთან.