31 მარტიდან 3 აპრილის ჩათვლით ამერიკის შეერთებული შტატების ვაჭრობის სახელმწიფო დეპარტამენტისა და მცირე ბიზნესის ადმინისტრაციის მიწვევით აშშ-ში სამუშაო ვიზიტით იმყოფება მეწარმეობის განვითარების სააგენტოს დელეგაცია, სააგენტოს დირექტორის გიორგი ციკოლიას ხელმძღვანელობით.
ვიზიტის მთავარ მიზანს წარმოადგენს აშშ-ს საჯარო და კერძო სტრუქტურების მხრიდან გამოცდილებისა და ცოდნის გაზიარება მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარებასა და ზრდასთან დაკავშირებით. შესაბამისად ოთხი დღის განმავლობაში მიმდინარეობს შეხვედრები და კონსულტაციები სხვადასხვა სტუქტურებთან, მათ შორის აშშ-ს მცირე ბიზნესის ადმინისტრაციის, ექსპორტის ხელშეწყობის ცენტრის, ვაჭრობის სახელმწიფო დეპარტამენტის მცირე ბიზნესის განვითარების სააგენტოს, ვაშინგტონის მეწარმეობის განვითარების უნივერსიტეტის, ჰანიველის ტექნოლოგიური ინოვაციების ცენტრისა და სხვა სახელმწიფო, თუ კერძო სტრუქტურების წარმომადგენლებთან.
გამართული კონსულტაციები ხელს შეუწყობს მეწარმეობის განვითარების სააგენტოს მიერ მიღებული ინფორმაციის ორგანიზაციულ ხედვასა და მომსახურებებში ინტეგრირებას და შესაბამისად დადებით გავლენას იქონიებს ქართული მცირე და საშუალო ბიზნესის ზრდის შემდგომ სტიმულირებაზე.