ყოფილი ნარკოლოგიურის შენობის მფლობელი „PASHA Development“-ი გახდა, სადაც სამომავლოდ სასტუმროს ააშენებს. სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, ქალაქ თბილისში, დ. აბაშიძის ქუჩა N17/4 -ში მდებარე 7823.00 კვ.მ. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი და მასზე განთავსებული N1, N2, N3, N4, N5, N6, N7, N8 და N9 (ნანგრევი) შენობა-ნაგებობები 3 მლნ 555 ათას დოლარად გაიყიდა.
როგორც ცნობილია, სააგენტომ აღნიშნული უძრავი ქონება ელექტრონულ აუქციონზე საპრივატიზებოდ პირობიანი ფორმით გამოიტანა. მყიდველმა აღნიშნულ საპრივატიზებო ქონებაზე სასტუმროს (არანაკლებ 150 ნომრიანი) ან სავაჭრო/კომერციული/საოფისე დანიშნულების შენობა-ნაგებობ(ებ)ის მშენებლობა უნდა განახორციელოს.