პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილის განცხადებით, 2012 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ სასამართლოს გაძლიერების მიმართულებით მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადაიდგა. თუმცა როგორც პრეზიდენტმა საკანონმდებლო ორგანოში აღნიშნა ცვლილებების მიუხედავად სასამართლოს რეფორმირებას მეტი სტიმული სჭირდება.
,,ცვლილებათა მიუხედავად, ნათელია, რომ სასამართლოს რეფორმირებას მეტი სტიმული სჭირდება. უნდა გაძლიერდეს სასამართლოს დამოუკიდებლობა, გაიზარდოს საზოგადოების წინაშე სასამართლოს ანგარიშვალდებულება და მართლმსაჯულების ხარისხი. არც ქვეყნის შიგნით და არც მის გარეთ არ უნდა დარჩეს ადგილი ეჭვისათვის, რომ სამართალწარმოება შეიძლება ლეგიტიმურის გარდა რაიმე სხვა მიზნით ხორციელდებოდეს.ნდობა გაიზრდება მაშინ, როდესაც გაიზრდება სამართლიანი გადაწყვეტილების რიცხვი. მსგავსი გადაწყვეტილებები კი პრინციპულმა, სამართლიანმა, კვალიფიციურმა, ნებისმიერი ზეწოლისგან თავისუფალმა მოსამართლეებმა უნდა მიიღონ. ასე რომ, სასამართლოს დამოუკიდებლობის მთავარი ღერძი - მოსამართლეა!”, _აღნიშნა პრეზიდენტმა.