ავიაკომპანია Air Astana მიმდინარე წლის გაზაფხულიდან ასტანა-თბილისი-ასტანას მიმართულებით რეგულარული რეისების განხორციელებას იწყებს. ყაზახეთში საქართველოს ელჩის ზურაბ პატარაძის განმარტებით, თბილისსა და ასტანას შორის, რეგულარულ ფრენებს Air Astana 2 ივნისიდან დაიწყებს.
”ტურისტული ნაკადის ზრდასთან ერთად, ყაზახურმა ავიაკომპანია Air Astana -მ მიიღო გადაწყვეტილება, რომ 2015 წლის 2 ივნისიდან ასტანა-თბილისი-ასტანას მიმართულებით რეგულარული ფრენები დაიწყოს”, აღნიშნა ზურაბ პატარაძემ, რომელიც რომელიც ასტანაში ასტანა-ბათუმის ბიზნესფორუმს ესწრება.
ელჩს იმედი აქვს, რომ ეს მიმართულება საკმაოდ დატვირთული იქნება.
თბილისსა და ასტანას შორის Air Astana კვირაში 3 რეისს განახორციელებს.
როგორც ირკვევა, ყაზახეთი საქართველოს ტურისტული ბაზრისათვის ერთ-ერთ პრიორიტეტული მიმართულებაა. ავიარეისების დანიშვნა ხელს შეუწყობს ქვეყნებს შორის ტურიზმის განვითარებას და ვიზიტორების რაოდენობის ზრდას.
აღსანიშნავია, რომ 2013 წლის სტატისტიკური მონაცემების თანახმად, საქართველოში ყაზახეთის რესპუბლიკიდან ვიზიტორთა რიცხვი წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებლებთან შედარებით 40%-ით გაიზარდა, ხოლო 2014 წლის სტატისტიკური მონაცემების თანახმად ვიზიტორთა რიცხვი 2013 წლის ანალოგიურ მაჩვენებლებთან შედარებით 38%-ით არის გაზრდილი.
ავიაკომპანია Air Astana ყაზახეთის რესპუბლიკის უმსხვილესი და ცენტრალური აზიის ერთ-ერთი წამყვანი ავიაკომპანიაა, რომელიც ახორციელებს 60 ავია-რეისს ქვეყნის შიგნით და საერთაშორისო მიმართულებებით.
შეგახსენებთ, რომ 2014 წლის მონაცემებით, საქართველოს აეროპორტებიდან გადაყვანილი მგზავრთა რაოდენობის მიხედვით Air Astana -ს ბაზრის 3 %-ი ეკავა.