აჭარის საინვესტიციო პოტენციალის პოზიციონირება ასტანა-ბათუმის ბიზნესფორუმზე მოხდება, რომელსაც აჭარის მთავრობის წარმომადგენლებიც დაესწრებიან. ფორუმი აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს ორგანიზებით იმართება.
ბიზნეს ფორუმის ფარგლებში უცხოელი პარტნიორები საქართველოში ბიზნესის დაწყების რეგულაციებს, აჭარის რეგიონის საინვესტიციო პოტენციალს, ასევე საინვესტიციო და საპრივატიზაციო ობიექტებს გაეცნოებიან.
დელეგაციის წარმომადგენლები პოტენციურ ინვესტორებთან, ადგილობრივ კომპანიებთან და სხვა დაინტერესებულ მხარეებთან შეხვედრებს გამართავენ. ფორუმზე ყაზახეთის წარმომადგენლებს, სპეციალური პრეზენტაციის სახით, ჩვენი რეგიონის წამყვან სექტორებში არსებულ მდგომარეობაზე,ასევე საინვესტიციო და ტურისტულ შესაძლებლობებზე ინფორმაცია მიეწოდებათ.
ასტანაში,სამინისტროს დელეგაციასთან ერთად მშენებლობის, ტურიზმის და ლოჯისტიკის სფეროში მოღვაწე კერძო კომპანიების წარმომადგენელთა ვიზიტიც იგეგმება.ღონისძიებაში ასევე საერთაშორისო ინვესტორთა ასოციაცია მონაწილეობს. ბიზნეს ფორუმზე პრეზენტაციებით ბათუმის საზღვაო პორტი, სასტუმრო „ჰილტონი“, სამშენებლო კომპანია „ორბი“ და ტურისტული კომპლექსი „დრიმლენდ ოაზისი წარსდგებიან. ისინი თავიანთ გამოცდილებას ადგილობრივ ინვესტორებს გაუზიარებენ.
პრეზენტაციების შემდეგ ბიზნესმენთა პირისპირ შეხვედრები გაიმართება, რაც ქართულ და ყაზახურ კომპანიებს შორის ბიზნეს ურთიერთობების დამყარებას შეუწყობს ხელს.
ღონისძიების თანაორგანიზატორები არიან ყაზახეთის რესპუბლიკის საერთაშორისო სავაჭრო პალატა, ყაზახეთის რესპუბლიკის ინვესტიციებისა და განვითარების სამინისტრო, ექსპორტისა და ინვესტიციების ეროვნული სააგენტო - კაზნექს-ინვესტი.
30 მარტს დაგეგმილ ბიზნეს ფორუმს აჭარის მთავრობის თავმჯდომარე არჩილ ხაბაძე, აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრი დავით ბალაძე, აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტის წარმომადგენელი და სხვა ოფიციალური პირები დაესწრებიან. დელეგაცია ყაზახეთს 31 მარტს დატოვებს