საქართველოსა და სამხრეთ კორეის რესპუბლიკას შორის დიპლომატიური ურთიერთობის განმტკიცება, თანამშრომლობის გაღრმავება და ტერიტორიულ მთლიანობაში მხარდაჭერა იყო პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილის, ზვიად ძიძიგურისა და სამხრეთ კორეის რესპუბლიკის ეროვნული ასამბლეის წევრების დღევანდელი შეხვედრის ძირითადი საკითხები.
შეხვედრაში საქართველოს პარლამენტის მხრიდან ასევე მონაწილეობდნენ სამხრეთ კორეასთან მეგობრული ჯგუფის ხელმძღვანელი შოთა ხაბარელი და საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე ანი მიროტაძე.
სტუმრებმა საქართველოს ისტორიის, კულტურისა და ტრადიციების, ასევე ქართული დამწერლობის მიმართ ღრმა პატივისცემა და ინტერესი გამოხატეს. დელეგაციის ხელმძღვანელის, კანგ ჩანგ ჰის განცხადებით, მართალია, საქართველოში სამხრეთ კორეიდან სხვადასხვა კომპანიების წარმომადგენლები ხშირად ჩამოდიან, მაგრამ ურთიერთობის გაღრმავების თვალსაზრისით, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მჭიდრო საპარლამენტთაშორისო კავშირების არსებობა.
მისი თქმით, ივნისის თვეში იგეგმება საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის, დავით უსუფაშვილის ვიზიტი სამხრეთ კორეის რესპუბლიკაში, რაც ხელს შეუწყობს ამ ორი ქვეყნის კიდევ უფრო დაახლოებას.
ზვიად ძიძიგურმა სტუმრებთან საუბრისას, არაერთხელ გამოხატა მადლიერება სამხრეთ კორეის რესპუბლიკის მხრიდან საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერისა და სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის თვითგამოცხადებული რესპუბლიკების არაღიარებისთვის.
„სამხრეთ კორეის რესპუბლიკა არის ქვეყანა, რომელმაც 1992 წელს ერთ-ერთმა პირველმა ცნო საქართველოს დამოუკიდებლობა და დიპლომატიური ურთიერთობა დაამყარა ჩვენს ქვეყანასთან. სამხრეთ კორეული კომპანიები მონაწილეობენ საქართველოში საერთაშორისო ტენდერებში. კომპანია „Kwater“- ი 700 მილიონი აშშ დოლარის ოდენობის პროექტით ემზადება, წელს დაიწყოს სვანეთში, მდინარე ნენსკრას შესართავთან ჰიდროელექტროსადგურის მშენებლობა. ვაჭრობა სამხრეთ კორეასთან ჯერ არის მოკრძალებული - 70 მილიონი აშშ დოლარის ოდენობით, მაგრამ იმედი გვაქვს, რომ ეს ციფრიც გაიზრდება“, - განაცხადა ზვიად ძიძიგურმა.
როგორც შეხვედრაზე აღინიშნა, მიმდინარე წელს საქართველოში იხსნება სამხრეთ კორეის რესპუბლიკის დიპლომატიური წარმომადგენლობა. „ეს არის კიდევ ერთი ხაზგასმა იმისა, რომ საქართველო, როგორც პარტნიორი სავაჭრო და დიპლომატიური ურთიერთობებში, სამხრეთ კორეისთვის მნიშვნელოვანი ქვეყანაა,“ - აღნიშნა პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ.
სტუმრების შეფასებით, საქართველოსა და სამხრეთ კორეას ბევრი საერთო აქვთ იმ თვალსაზრისით, რომ ორივე ქვეყანას გარს აკრავს უზარმაზარი სახელმწიფოები და მრავალრიცხოვანი მტრების მიუხედავად, საუკუნეების მანძილზე ორივემ შეინარჩუნა თვითმყოფადობა, სახელმწიფოებრიობა, ეროვნული სუვერენიტეტი, კულტურა და ტრადიციები.
შეხვედრაზე მეგობრული ჯგუფის ხელმძღვანელმა, შოთა ხაბარელმა ისაუბრა ქართველი სპორტსმენების მიღწევებზე სპორტის იმ სახეობაში, როგორიცაა ძიუდო და გაიხსენა სამხრეთ კორეაში ჩატარებული სპორტული ღონისძიებების დროს მიღებული შთაბეჭდილებები. მისი თქმით, კორეელებსა და ქართველ ხალხს ეროვნული თვისებების თვალსაზრისითაც აქვთ ბევრი საერთო, რაც სტუმართმოყვარეობაში, მეგობრობის უნარსა და მტკიცე ხასიათში გამოიხატება.
შეხვედრის დასასრულს, მხარეებმა ერთმანეთს საჩუქრები გადასცეს, რომელიც ქართული და სამხრეთ კორეული კულტურის სიმბოლოებს ასახავს და კიდევ ერთხელ გამოთქვეს მჭიდრო ურთიერთთანამშრომლობისა და მეგობრობის იმედი.