საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, თამარ ბერუჩაშვილმა მონაწილეობა მიიღო ქართულ-პოლონურ სემინარში - „საქართველო ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმების ხელმოწერის შემდეგ: რეფორმებისა და უსაფრთხოების გამოწვევების შეფასება“, რომელიც 2015 წლის 25 მარტს საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევების ცენტრში გაიმართა.
ღონისძიებაში მონაწილეობდნენ პოლონელი და ქართველი ექსპერტები. სემინარის განხილვის თემები იყო საქართველოსა და ევროკავშირს შორის ასოცირების შეთანხმების ხელმოწერის შემდგომ განვითარებული მოვლენები - რეგიონში შექმნილი უსაფრთხოების გარემო, არსებული გამოწვევები, საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში შექმნილი ვითარება და ქვეყნის ნატოში ინტეგრაციის პროცესი.
საგარეო საქმეთა მინისტრი მიესალმა სემინარის გამართვის ინიციატივას. საკუთარ გამოსვლაში მან ისაუბრა ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმების გაფორმების მნიშვნელობაზე. „დღევანდელი შეხვედრა საკმაოდ მნიშვნელოვანი იყო საქართველოს ევროპული და ევრო -ატლანტიკურ ინტეგრაციის პროცესის ანალიზისთვის, იმ სერიოზულ ამოცანების განხილვისთვის, რომელიც დღეს საქართველოს წინაშე დგას. ძალიან მნიშვნელოვანია რომ ამ ღონისძიებამ თავი მოუყარა გამოცდილ ექსპერტებს როგორც პოლონეთიდან ასევე საქართველოდან. ველით საინტერესო რეკომენდაციებს ჩვენი საგარეო პოლიტიკის სრულყოფის, განვითარების და ეფექტურობის ამაღლებისთვის“- განაცხდა მინისტრმა. თამარ ბერუჩაშვილმა ხაზი გაუსვა პოლონელ პარტნიორებთან, ექსპერტებთან მუსაობის, და საქართველოს მხარდაჭერის პროცესში მათი ჩართულობის აუცილებლობას.
ღონისძიება საქართველოში პოლონეთის საელჩოს, საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდისა და პოლონეთის საერთაშორისო ურთიერთობათა ინსტიტუტის (PISM) ერთობლივი ორგანიზებით გაიმართა. სემინარის მონაწილეებს სიტყვით მიმართა საქართველოში პოლონეთის ელჩმა ანდრჟეი ჩიეშკოვსკიმ.
„ 2016 წელს ჩვენ ვარშავის სამიტს ვმასპინძლობთ და ასევე ვთავმჯდომარეობთ რიგის აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტს. ძალისხმევას არ ვიშურებთ იმისთვის რომ ხელი შევუწყოთ საქართველოს ევროპულ და ევრო-ატლანტიკურ მისწრაფებების განხორციელაბას.“ - განაცხადა პოლონეთის ელჩმა საქართველოში.